გომელაური: ერთი არ ისროდა „მოლოტოვის კოქტეილს", ბევრი ისროდა, ღმერთმა ქნას, რომ დავადგინოთ

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

პარლამენტის რვა დეპუტატმა ისარგებლა რეგლამენტით მინიჭებული უფლებამოსილებით და პარლამენტში ინტერპელაციის წესით შეკითხვით მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს. როგორც რეგლამენტშია აღნიშნული, შეკითხვის შინაარსი უნდა იყოს კონკრეტული და შეეხებოდეს ადრესატის უფლებამოსილებისათვის მიკუთვნებულ საკითხს. შესაბამისად, გომალაურის მიმართ დეპუტატების შეკითხვა ეხებოდა 7-8 მარტს გამართული საპროტესტო აქციებზე პოლიციის მოქმედებას; კერძოდ: „რამდენად პროპორციული იყო ის ძალა, რომელიც სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოიყენეს და წარმოადგენდა თუ არა ის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაში უკანონო ჩარევას. ასევე, მოხდა თუ არა შესაბამისი წესის დაცვით სპეციალური საშუალებების (წყლის ჭავლის, ე.წ. წიწაკის სპრეის, და ცრემლმდენი გაზის) გამოყენება?"

ვახტანგ გომელაურმა მოხსენებაში დეტალურად წარმოადგინა დემონსტრაციების დროს ქუჩაში განვითარებული მოვლენების მისეული ვერსია. მინისტრმა დაასახელა მიზეზები, რის გამოც, პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ იმოქმედა.

„7 მარტს, დაახლოებით 22:30 საათიდან, შეკრებილი მოქალაქეების მხრიდან სიტყვიერი აგრესია გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში. აქციის მონაწილეებმა დაიწყეს სპეციალური ეკიპირების, დამცავი ფარების წართმევა პოლიციის თანამშრომლებისთვის. მათი მიმართულებით გამიზნულად ისროდნენ სხვადასხვა საგნებს: ქვებს, ბოთლებს, ბლაგვ საგნებს, რკინის და ბეტონის ნაჭრებს, დაუპირისპირდნენ კორდონში მყოფ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს.

ჩვენს საზოგადოებას პირდაპირ ეთერში ჰქონდა საშუალება თვალი ედევნებინა ამ პროცესებისთვის და ჩვენ ყველამ კარგად ვნახეთ, რომ პირველად საქართველოში აქციაზე პოლიციელების წინააღმდეგ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილისა და პიროტექნიკის გამოყენების ფაქტები. „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლეს პარლამენტის შენობას, გაჩნდა ხანძარი, რომელიც პოლიციელებმა წყლის ჭავლით ჩააქრეს.

პოლიციის მხრიდან აუცილებელი მოგერიების მიზნით გამოყენებულ იქნა „წიწაკის სპრეი" და წყლის ჭავლი, რასაც წინ უძღოდა არაერთი გაფრთხილება, რომ შეკრებილებს დაეცვათ წესრიგი და არ დაერღვიათ კანონით განსაზღვრული წესები.

ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც პოლიციამ ადგილზე მოახერხა სამართალდამრღვევი პირების იდენტიფიცირება, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე, მოხდა მათი დაკავება.

საზოგადოებამ პირდაპირ ეთერში ნახა აქციის მოძალადე მონაწილეების მხრიდან სახალხო დამცველზე თავდასხმა. ყველამ ვნახეთ, როგორ ესროდნენ მას კვერცხებს, შეასხეს წყალი, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა... - განაცხადა გომელაურმა და დაამატა, - საზოგადოებრივი წესრიგის მიზანმიმართული, მასობრივი დარღვევა რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა. შესაბამისად, პოლიციამ წესრიგის აღდგენის მიზნით რამდენჯერმე გამოიყენა პროპორციული ძალა, სპეციალური საშუალებები, მათ შორის, წყლის ჭავლი. უნდა აღნიშნოს, რომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები იდგნენ კორდონებად და მოქმედებდნენ აუცილებელი მოგერიების რეჟიმში".

კონკრეტული ზომების მიღება მინისტრმა კონკრეტული მიზეზით განმარტა: ​„სიტუაციის ანალიზით, ცალსახად ჩანდა, რომ აქცია სრულად გასცდა მშვიდობიანი გამოხატვის ფორმას და მიიღო ძალადობრივი ხასიათი, რითაც რეალური საფრთხე ემუქრებოდა, როგორც სახელმწიფო ინსტიტუციას, ასევე, პოლიციელთა და იქ მყოფთა ჯანმრთელობას, სიცოცხლეს. შესაბამისად, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით, აუცილებელი გახდა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის შეწყვეტა და „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროპორციული შესაბამისი საშუალებების გამოყენება".

8 მარტი

ვახტანგ გომელაურმა შემდეგ განაცხადა, რომ მომდევნო დღეს გამართულ აქციაზეც არაერთხელ გამოიყენეს „მოლოტოვის კოქტეილი". მისი თქმით, დააზიანეს პოლიციის ავტომანქანები, ავტობუსი და ცეცხლი წაუკიდეს ავტომანქანას. მინისტრის განცხადებით, სისხლის სამართლის დევნა დაწყებულია 6 პირის მიმართ. მათგან ხუთ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს გირაო, ერთს [ლაზარე გრიგორიადისს] - პატიმრობა.

ასევე ნახეთ ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე მოწმეების გამოკითხვა 13 ივნისს დაიწყება

გომელაურმა აღნიშნა, რომ აქციის მონაწილეებმა დააზიანეს, ამოატრიალეს და ცეცხლი წაუკიდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომანქანებს. ასევე, ქვებით დააზიანეს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ავტობუსი.

როგორც შს მინისტრი აცხადებს, 7-8 მარტის აქციების დროს პოლიციის მხრიდან გამოყენებული იყო პროპორციული ძალა. პოლიცია ატარებდა კანონით მისთვის მინიჭებული უფლების გამოყენებას, კანონის ფარგლებში ატარებდა ყველა ღონისძიებას და ადგილი არ ჰქონია გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევას. როგორც მან აღნიშნა, ადგილობრივი კანონმდებლობის და საერთაშორისო წესების დაცვის, არაერთი გაფრთხილების შემდეგ იყენებდნენ სპეციალური საშუალებებს. „ხაზგასასმელია, რომ პოლიცია ძირითადად მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების რეჟიმში", - დაამატა მინისტრმა.

ვახტანგ გომელაურის განცხადებით დემონსტრაციებზე „ერთი ადამიანი არ ისროდა, ბევრი ისროდა მოლოტოვის კოქტეილებს. ღმერთმა ქნას, რომ ეს დავადგინოთ".

ოპოზიციის განცხადებები

პარლამენტის წევრმა ხატია დეკანოიძემ შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართა შეკითხვით, რა საჭირო იყო 15 ჟურნალისტის დაშავება. ამასთან, დეპუტატმა გაიხსენა აქციის მონაწილე [ზაზა ბიღიაშვილი], რომელმაც აქციაზე დაშავდა და ერთ თვალში მხედველობა დაკარგა. „კაფსულა, რატომ მოხვდა მოქალაქეს თვალში? ის ადამიანი ერთ თვალში ვეღარ ხედავს და ეს ექსპერტიზით არის დადასტურებული. ლაპარაკის რატომ დააკავეს ზურაბ ჯაფარიძე? ახალგაზრდა გოგო, რომელიც მიდის პოლიელებთან ახლოს, წარმოუდგენელ აგრესიას იღებს მათგან და ახლოდან სპრეის შესხმამ შეიძლება დაგაბრმაოს. იდენტიფიცირება ვერ ხდებოდა პოლიციელების, ძირითადად იყვნენ ნიღბებით", - თქვა დეკანოიძემ.

ასევე ნახეთ 7 მარტის აქციის მონაწილემ ცალ თვალში მხედველობა დაკარგა

„ლელო"-ს წევრი ანა ნაცვლიშვილმა აქცენტი გააკეთა საპროტესტო აქციების გამართვის მიზეზებზე. „არ მგონია ადეკვატური და სამართლიანი იყოს, ვისაუბროთ იმაზე, პროპორციული იყო თუ არა, პოლიციის მიერ გამოყენებული ძალა თუ არ ვისაუბრებთ იმაზე, რამ გამოიწვია საზოგადოების სამართლიანი პროტესტი. ამ პროტესტმა გააერთიანა ამ ქვეყანაში ყველა თაობა და რეგიონები. ეს პროტესტი იცავდა საქართველოს კონსტიტუციას. ხოლო, „რუსული კანონი“, რომელსაც ხმა მისცეს ამ შენობაში, აწყობდა კონსტიტუციურ გადატრიალებას. ამან გამოიყვანა ხალხი ქუჩაში. არ ვაპირებ მოვისმინო არგუმენტები იმის შესახებ, რას აფუჭებდნენ ეს დემონსტრანტები. ისინი იცავდნენ ამ ქვეყნის კონსტიტუციას, რომელსაც თქვენც უნდა იცავდეთ ბატონო ვახტანგ, განსაკუთრებით 78-ე მუხლს [ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია]", - განაცხადა ნაცვლიშვილმა. მან მინისტრს ჰკითხა, რა რისკებს ქმნიდა კანონი, რომელიც საზოგადოების ერთ ნაწილს მეორეს მხრიდან აგენტად აცხადებდა? ეს საზოგადოებრივი წესრიგის მიზნით კეთდებოდა?

„რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარემ, დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ შინაგან საქმეთა მინისტრის გამოსვლა ასე შეაფასა: „თქვენი პასუხი ნოველაა ერთგვარი - როგორ მიმდინარეობდა მოვლენები". მან მოითხოვა მეტ კონკრეტიკა, სტატისტიკურ და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია.

დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ გომელაურს მიმართა: „ჩემთვის თქვენს გამოსვლაში სიახლე არაფერი ყოფილა. ვერ მივიღე პასუხი, მომავალში, როდესაც იქნება საპროტესტო გამოსვლები, რამდენად ხართ მზად კონსტიტუციის სადარაჯოზე და დაიცვათ საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებები".

„სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა, დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ მინისტრს და უმრავლესობის წევრებს ჰკითხა: „აპირებთ თუ არა რუსეთში პირდაპირი ფრენებით გამგზავრებას?"

„სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის სიტყვის გამოსვლას კი შეძახილები მოჰყვა, რის შემდეგაც მას „ხალხის ძალის' წევრი დაჩი ბერაია ფიზიკურად დაუპირისპირდა.

ასევე ნახეთ დაჩი ბერაია გიორგი ვაშაძეს ფიზიკურად დაუპირისპირდა