ნიკოლ ფაშინიანი პრეზიდენტსა და პრემიერს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ნიკოლ ფაშინიანი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

"დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული სახელმწიფოს ასაშენებლად, საუკუნეზე მეტი ხნის წინ, ამ დღეს ქართველმა ხალხმა გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგა დამოუკიდებლობის აღდგენისკენ და დღესაც მტკიცე ნაბიჯებით აგრძელებს ამ გზას.

საქართველოსთან ურთიერთსასარგებლო და მეზობლური ურთიერთობების გაღრმავება ჩვენი მთავრობის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს შორისაა და დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები ყველა მიმართულებით გაგრძელდება.

ვისარგებლებ ამ შესაძლებლობით და გისურვებთ ჯანმრთელობას და ნაყოფიერ მუშაობას, ხოლო ქართველ ხალხს მშვიდობასა და განვითარებას", - წერია სალომე ზურაბიშვილისთვის გაგზავნილ წერილში.

ნიკოლ ფაშინიანი პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს ასევე სწერს, რომ სომხეთი საქართველოსთვის საიმედო მეგობარი და მეზობელი სახელმწიფოა და ასეთად დარჩება:

"სომეხმა და ქართველმა ხალხებმა თავიანთი თანმიმდევრული ბრძოლით დაამტკიცეს დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობის უფლება და დღეს, თავიანთი მისწრაფებების ერთგული რჩებიან, აგრძელებენ მჭიდრო თანამშრომლობას სახელმწიფოს მშენებლობაში.

დარწმუნებული ვარ, არსებული თანამშრომლობის პოტენციალი და ორი მეგობარი ქვეყნის პარტნიორობის გაღრმავების გადაწყვეტილება კიდევ უფრო შეუწყობს ხელს და ახალ ბიძგს მისცემს სომეხ და ქართველ ხალხებს შორის ძმური ურთიერთობებისა და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის განვითარებას".

ასევე ნახეთ სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
ასევე ნახეთ "აშშ სიამაყით გააგრძელებს თქვენს პარტნიორობას" - საელჩო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა.

1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ, ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის აქტი მიიღო თბილისში, მაშინდელ გოლოვინის პროსპექტზე, დღევანდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, სადაც დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეა.

რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებელმა პირველმა რესპუბლიკამ არსებობა 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა, ბოლშევიკური რუსეთის სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის შედეგად.

70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველომ დამოუკიდებლობა აღიდგინა.