უკრაინაზე რუსეთის წუხანდელმა მასირებულმა შეტევამ ოდესის პორტი დააზარალა. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, საზღვაო პორტის ინფრასტრუქტურა დააზიანა უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების მიერ მოგერიებული უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევებმა. გაჩნდა ხანძარი, რომელიც დილის მონაცემებით, ლიკვიდირებულია.
უკრაინის თავდაცვის ძალების „სამხრეთის“ სარდლობის მონაცემებით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა წუხანდელი მასირებული შეტევისას, უკრაინის სამხრეთში გამოიყენეს ირანული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატები. სარდლობის ინფორმაციით, 3 დრონი ნიკოლაევის ოლქის თავზე გაანადგურეს, ხოლო 1 - ოდესაში.
ასევე ნახეთ რუსეთმა კიევს ისევ დრონებით და რაკეტებით შეუტიაუკრაინაში დილის 5 საათამდე გაგრძელდა რუსეთის საჰაერო თავდასხმის გამო წუხელ გამოცხადებული განგაში. საოკუპაციო ძალების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ისევ კიევი იყო. ბოლო 48 საათში უკრაინის დედაქალაქზე უკვე მეორე, მაისის დასაწყისიდან კი, მე-15 საჰაერო იერიში განხორციელდა.
კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მოწინააღმდეგემ დედაქალაქს შეუტია უპილოტო საფრენი აპარატებით და რაკეტებით. ადმინისტრაციის განცხადებით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა კიევზე შეტევა მოიგერიეს და წინასწარი მონაცემებით, 40-ზე მეტი დრონი და რაკეტა გაანადგურეს. კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ დილის 6 საათისთვის ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ უკრაინის დამცველების პროფესიონალიზმის წყალობით, კიევში არავინ დაღუპულა და არ დანგრეულა სახლები და ინფრასტრუქტურა.
რუსეთის თავდასხმის მოსაგერიებლად საჰაერო თავდაცვის სისტემა ამოქმედებული იყო ოდესის, ნიკოლაევის, ხერსონის, ვინიცის, დნეპროპეტროვსკის, ხმელნიცკის და სხვა ოლქებში.