კიევზე რუსეთის თავდასხმის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 13 დაიჭრა

დრონით დარტყმის შედეგად დაზიანებული სახლი და ავტომობილები კიევში. 2023 წლის 30 მაისი

უკრაინის დედაქალაქ კიევზე და კიევის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით რუსეთის წუხანდელი თავდასხმის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 13 დაიჭრა. დაზუსტებული ინფორმაცია კიევის პოლიციამ გამოაქვეყნა.

კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, აფეთქებული უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევების ჩამოცვენამ ხანძარი და ნგრევა გამოიწვია ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბოლო ორ სართულზე. კიევში დაღუპული 33 წლის ქალი ამ სახლში ცხოვრობდა.

პოლიციის მონაცემებით, დედაქალაქ კიევში დაიჭრა 9 მოქალაქე, ხოლო კიევის ოლქში - 4. დაზიანებულია 16 ობიექტი, მათ შორის საცხოვრებელი სახლები.

ასევე ნახეთ რუსეთმა უკრაინა დაადანაშაულა მოსკოვზე დრონებით შეტევაში

კიევსა და კიევის ოლქში ღამის 2 საათისთვის გამოცხადებული საჰაერო განგაში 3 საათს გაგრძელდა. უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის მონაცემებით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ირანული წარმოების 31 „კამიკაძე-დრონით“ შეტევა განახორციელეს ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან. საჰაერო თავდაცვის ძალებმა 31-დან 29 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.

მაისის დასაწყისიდან, კიევზე 17 მასირებული საჰაერო შეტევა განხორციელდა.