ავტორი: ლუკა ოქროპირაშვილი
ტერმინი Sportswashing-ი, აღწერს ინდივიდების, ჯგუფების, კორპორაციების ან მთავრობების პრაქტიკას, რომლებიც სპორტს არასწორი, არასამართლიანი და არალეგალური ქმედებების შედეგად შელახული სახელის გასაუმჯობესებლად იყენებენ. Sportwashing-ი რეპუტაციის გათეთრების, რბილი ძალის პოლიტიკის და პროპაგანდის პოპულარული ფორმაა, რომელიც სპორტული ღონისძიებების მასპინძლობით, სპორტული გუნდების შეძენით/ფლობით, სპონსორობით ან სპორტში აქტიური მონაწილეობითაა შესაძლებელი.
Sportswashing-ი სტრატეგიული და ეფექტური მეთოდია, მარგინალური და დანაშაულებრივი შემთხვევების თუ სკანდალების დასაფარად/დასაჩრდილად, მიკრო-ინდივიდუალურ თუ მაკრო-კოლექტიურ დონეზე.
მიუხედავად იმისა, რომ 21-ე საუკუნე Sportswashing-ის ოქროს ხანაა, ის ბევრად ადრეც, კლასიკური პოპულარული პროპაგანდის ტაქტიკური იარაღი იყო.
ისტორიაში, Sportswashing-ის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია 1936 წლის ოლიმპიადა, რომელსაც ნაცისტური ეპოქის ბერლინმა უმასპინძლა. ბერლინის ამ ,,სპექტაკლმა’’ იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა არა მარტო ლოკალურ, არამედ საერთაშორისო საზოგაოებაზე, რომ მათ შეცდომითაც კი დაიჯერეს, ჰიტლერის რაციონალურობაზე და კეთილშობილებაზე. ნაცისტურმა გერმანიამ მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო; სულ მცირე, რამდენიმე თვის განმავლობაში, ფაშიზმი სპორტმა უკანა პლანზე დააყენა.
მთლიანობაში, მე-20 საუკუნე შეიძლება მივიჩნიოთ, მსოფლიო Sportswashing-ის გარიჟრაჟად. მაგალითისთვის, 1934 წელს მუსოლინის იტალიაში ჩატარდა ფიფას მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში. 1974 წელს დღევანდელი კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში გაიმართა ცნობილი ბრძოლა ,,Rumble in the Jungle” მუჰამედ ალისა და ჯორჯ ფორმანს შორის. ამავე ქვეყნის პრეზიდენტმა მობუტო სესე სეკომ სიკვდილით დასაჯა ასზე მეტი ადამიანი, მის მიერ ინიცირებულ, კრიმინალის წინააღმდეგ მიმართულ, ,,ნულოვანი ტოლერანტობის’’ რეიდების განმავლობაში. იგივე მეორდება ფილიპინების დიქტატორის ფერდინანდ მარკოს უფროსის მართველობის დროსაც, როდესაც ქვეყანაში ჩადენილი არადამიანური სისასტიკის პირობებშიც კი, ფილიპინებმა მაინც მოახერხა და უმასპინძლა 1978 წლის ფიბას-ს მსოფლიო ჩემპიონატს კალათბურთში. უფრო მეტიც, სამიოდე წლით ადრე, 1975 წელს, ფილიპინების დედაქალაქ მანილაში, გაიმართება ,,Thrilla in Manila’’, კრივის იკონური მატჩი, მუჰამედ ალის და ჯო ფრეიზერის lll შორის. ყველა ეს რეპრესიული და ოდიოზური რეჟიმი იყენებდა სპორტს, გაკეთილშობილების და თავის გამართლებას ინსტრუმენტად.
მეოცე საუკუნის მიწურულს, Sportswashing-ის ახალი, კიდევ უფრო კომპლექსური და ყოვლისმომცველი ფორმა, საჯარო კორპორატიული სპონსორობა მოიპოვებს ვირუსულ პოპულარულობას. გაზპრომი, გაზის უმსხვილესი მწარმოებელი, გაზსადენების-Nord Stream 1-ის, ასევე Nord Stream 2-ის უმრავლესობის აქციონერი და ის კორპორაციაა, რომელიც არსებითად რუსეთის ფედერაციას ეკუთვნის. გაზპრომის სახელს უკავშირდება ტრანსკონტინენტური სკანდალი, სათბურის აირების პოტენციურად დამანგრეველი და ექსესიურად ტოქსიკური რაოდენობით ჟონვასთან დაკავშირებით. უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთმა (და შესაბამისად გაზპრომმა) მკვეთრად შეამცირა ევროპისთვის გაზის მიწოდება, რამაც ხელი შეუწყო ფასების ასტრონომიულად ზრდას, ენერგეტიკული კრიზისის და რეცესიის უკონტროლო ესკლაციის პროცესს. თუმცა, ამ ომამდე გაზპრომი მეტად ცნობილი ბრენდული სახელი გახლდათ ფეხბურთის სამყაროში. წლების განმავლობაში, მისი ლოგო გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საფეხბურთო კლუბის, შალკე 04-ის მაისურზე მოხდენილი დეტალიზაციით თავს ახსენებდა სპორტის გულშემატკივრებს. 2012 წლიდან 2022 წლამდე, გაზპრომი უეფას ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მეგობარი და სარეკლამო დაფების განუყრელი ნაწილი იყო. მათ მიაღწიეს წარმატებას და შეიქმნეს პოზიტიური საერთაშორისო იმიჯი, რომლითაც გაზრპომი არა რუსულ კორუფციასთან ან სხვა რაიმე სკანდალებთან, არამედ ფეხბურთის მიერ მოტანილ ბედნიერებასთან, თავისუფლებასთან და ერთიანობასთან ასოცირდებოდა.
Emirates Airlines და Qatar Airways - კორპორატიული Sportswashing-ის ნამდვილ დიდოსტატებად და ჯადოქრებად გვევლინებიან. Emirates ამაყად აფინანსებს გლობალური ფეხბურთის რამდენიმე ყველაზე დიდ გრანდს: რეალ მადრიდს, არსენალს, მილანის ინტერს და ბენფიკას. Qatar Airways- კი მიუნხენის ბაიერნს, ბოკა ხუნიორსს და 2017 წლამდე ბარსელონას. ანალოგიურად, ფრანგული ფეხბურთის ფლაგმანი, პარი სენ-ჟერმენი სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული Qatar Sports Investments-ის აღმასრულებელი დირექტორის, ნასერ ალ-ხელაიფის-ის მფლობელობაშია. უკვე წლებია ინგლისურ მანჩესტერ სიტის, შეიხი მანსურ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანი მართავს. 2021 წლის მონაცემებით კი, ნიუკასლ იუნაიტედი საუდის არაბეთის საჯარო საინვესტიციო ფონდის განკარგულებაშია. ამგვარად, ყველა მათგანი წარმატებით ახერხებს თავი აარიდონ და მინიმიზირება/ნორმალიზირება მოახდინონ იმ კოლოსალური მაშტაბების მორალური კრიმინალის და კორუფციის, რომლის მონსტრი ავტორებიც თავადვე არიან.
Sportswashing-ის კიდევ ერთი ინოვაციური და დღევანდელობაში ყველაზე აპრობირებული მეთოდია, გუნდის სრული პაკეტის შესყიდვა და ფლობა. ამის კლასიკური მაგალითია, ჩელსი, რომელსაც რომან აბრამოვიჩი, 2003 წლიდან 2022 წლამდე ფლობდა და ის ლონდონური კლუბის გულშემატკივრებში საკმაო პოპულარობითაც სარგებლობდა. აბრამოვიჩი ცნობილი რუსი ოლიგარქი და პუტინის ახლო წრის წევრია. ჩელსის მფლობელობით, აბრამოვიჩი ცდილობდა თავისი რეპუტაციის გასუფთავებას/გამოსწორებას (გადასახადების დამალვაში, კორუფციაში, ფულის გათეთრებაში და პუტინთან კავშირების ბრალდებების გადაფარვას).
2022 წელს, როცა საქმე Sportswashing-ის ეხება, შორს წასვლა არაა საჭირო. კატარში გამართულმა ფიფას 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატმა მნიშვნელოვანი ყურადღება და წინააღმდეგობა მიიღო ადამიანის უფლებების დარღვევისა და სამშენებლო პროექტებში ჩართული მიგრანტ მუშაკების მიმართ ცუდი მოპყრობის ბრალდებების გამო. უკვე მრავალი წელია, კატარის მთავრობა დიდ ინიციატივას იჩენს დიდ ინვესტიციით სპორტის სპონსორობაში და მასპინძლობს ისეთ წამყვან ღონისძიებებს, როგორიცაა მსოფლიო ჩემპიონატი, რათა გაიუმჯობესონ ასე შელახული საერთაშორისო იმიჯი. სულ რომ არაფერი ვთქვათ, კატარამდე იყო სამარცხვინო 2008 და 2022 წლების პეკინის ოლიმპიადები, 2014 წლის სოჭის ოლიმპიადა და 2018 წლის რუსეთის მუნდიალი.
Sportswashing-ის მემკვიდრეობა და მის მიერ მოტანილი არსებითი წარმატება, გზაა გლობალურ ლეგიტიმაციამდე და ვალიდურობამდე. ეს შემთხვევები და ტენდენციები აჩვენებს, თუ რა საინტერესოა სპორტის, პოლიტიკის და საზოგადოების ურთიერთობა, სადაც სპორტული ღონისძიებები შეიძლება გამოყენებული იქნას პროპაგანდის და ტვინის გამორეცხვის მექანიზმად.