სასამართლომ გიორგი მუმლაძეს 5000-ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა

გიორგი მუმლაძე

თბილისის საქალაქო სასამართლომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრს, გიორგი მუმლაძეს 5000-ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა. მოსამართლის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას იგი ფეისბუკის გვერდზე ავრცელებს.

"გადაწყვეტილება მიღებულია 5000 ლარიანი ჯარიმა! ჩვენ ვერ გაგვაჩერებენ, რადგან უნდა გავიმარჯვოთ. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის", - წერს მუმლაძე.

საქმე ეხება 2021 წლის აპრილის საქმეს, როცა მუმლაძე სხვა 4 აქტივისტთან ერთად პარტია "ქართული ოცნების" ოფისთან დააკავეს. მაშინ იგი გალში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის 5-დღიანი სავალდებულო კარანტინის გაუქმებას ითხოვდა.

გამოძიების ვერსიით, გიორგი მუმლაძემ პოლიციის თანამშრომლებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას წინააღმდეგობა გაუწია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

მუმლაძის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობდა.