რუსეთში შესაძლოა, დაუშვან მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი ადამიანების მიღება საკონტრაქტო სამსახურში

რუსი პატიმრები. ნოვოსიბირსკი (არქივის ფოტო).

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში წარდგენილია კანონპროექტი, რომლის თანახმად, ნასამართლევი მოქალაქეები კონტრაქტის საფუძველზე სამხედრო სამსახურის გავლას შეძლებენ.

კანონპროექტი ითვალისწინებს რუსეთში ამჟამად მოქმედი იმ კანონის გაუქმებას, რომელიც აბსოლუტურად კრძალავს კოლონიებსა და წინასწარი დაკავების ცენტრებში მყოფი პატიმრების მობილიზებას. როგორც უფლებადამცველები აღნიშნავენ, ასეთი პირების დე ფაქტო გაწვევა საბრძოლო შენაერთებში უკვე მიმდინარეობს, თუმცა ის სცდება სამართლებრივ ჩარჩოებს.

ინიციატივის ავტორები არიან დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ანდრეი კარტაპოლოვი და მისი მოადგილე ანდრეი კრასოვი. მათ აღნიშნეს, რომ "სპეცოპერაციის პერიოდში გამოიკვეთა ხელშეკრულებით სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის მსურველი მოქალაქეების მნიშვნელოვანი რაოდენობა, ვისთანაც ხელშეკრულების გაფორმება კანონით შეუძლებელია." ესენი არიან კრიმინალური ჩანაწერის მქონე ადამიანები.

საკანონმდებლო ცვლილების შედეგად, რეკრუტირებული პატიმრები და სხვა მსჯავრდადებული მოქალაქეები გათავისუფლდებიან სასჯელისგან ან მათი ნასამართლობის ჩანაწერი წაიშლება სამხედრო სარდლობის მოთხოვნის ან მათი პირადი განცხადების საფუძველზე.

  • გასული წლის ოქტომბერში რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ დაუშვა იმ მოქალაქეების მობილიზება, რომლებიც ადრე ნასამართლევი იყვნენ მძიმე სისხლის სამართლის, მათ შორის მკვლელობის, ძარცვისა და ნარკოტიკებით ვაჭრობის მუხლებით.
  • მობილიზაციის აკრძალვა ახლა ეხება მხოლოდ არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური დანაშაულისთვის მსჯავრდადებულებს, ასევე ღალატის, ტერორიზმისა და ექსტრემიზმისთვის ნასამართლევ პირებს.