ავსტრალიამ უკრაინას შესაძლოა გადასცეს 41 ამერიკული წარმოების გამანადგურებელი F/A-18 Hornet-ი

ფინეთის არმიის გამანადგურებელი F/A-18 Hornet-ი წვრთნისას. ბოდო, ნორვეგია. 26 მაისი, 2015.

ავსტრალიის ხელისუფლება შეერთებულ შტატებთან და უკრაინასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს 41 ამერიკული წარმოების გამანადგურებლის, F/A-18 Hornet-ის კიევისთვის გადაცემაზე. ისინი ავსტრალიის არმიამ ჩამოწერა და ამჟამად თვითმფრინავები შენახულია. ამის შესახებ ავსტრალიური გაზეთი Financial Review წერს წყაროებზე დაყრდნობით. შესაძლო მოლაპარაკებების შესახებ აპრილში იტყობინებოდა გამოცემა The Drive-ი.

გარკვეული რაოდენობის თვითმფრინავები, სავარაუდოდ, გამოყენებულ იქნება სათადარიგო ნაწილებისთვის, წერს Financial Review, მაგრამ ავიატექნიკის შესაძლო გადაცემა შეიძლება იყოს უკრაინასთან ყველაზე მასშტაბური გარიგება, რომლის შესახებ მოლაპარაკებების თაობაზეც პრესაში მოხვდა ინფორმაცია.

Hornet-ი არის მეოთხე თაობის გამანადგურებელი, რომელიც ჯერ კიდევ აქვთ შეიარაღებაში აშშ-ში, ესპანეთში, კანადაში, შვეიცარიაში, ფინეთში, მალაიზიასა და ქუვეითში. ისინი გამოიყენეს რამდენიმე სამხედრო კონფლიქტში, მათ შორის - ოპერაცია „უდაბნოს ქარიშხალსა“ და ერაყის ომში, ავღანეთში და სერბეთის, ლიბიისა და სირიის დაბომბვისას. ავსტრალიის არმიაში ისინი ჩამოწერილია მეხუთე თაობის თვითმფრინავებით ჩანაცვლების გამო.

Financial Review-ს თანახმად, თუ მოლაპარაკებები წარმატებული იქნება, თვითმფრინავები შესაძლოა ოთხ თვეში მოიყვანონ საბრძოლო მზადყოფნაში. კიევს, კანბერასა და ვაშინგტონს პუბლიკაციაზე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ.

რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან უკრაინამ სამხედრო ავიაციის ფლოტის უმეტესი ნაწილი დაკარგა. კიევი დასავლელი მოკავშირეებისგან მოითხოვს, რომ მის არმიას თანამედროვე გამანადგურებლები მიაწოდონ. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შემოდგომაზე უკრაინის არმია მიიღებს და დაიწყებს ამერიკული F-16 მრავალფუნქციური გამანადგურებლების გამოყენებას. მათთვის პილოტების მომზადება უკვე დაწყებულია.