აშშ-მა სანქციები დაუწესა ირანის, ჩინეთის და ჰონგ-კონგის შვიდ ინდივიდს და ექვს უწყებას, რომლებიც, აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, ირანს დაეხმარნენ მნიშვნელოვანი ტექნოლოგიის მოპოვებაში ბალისტიკური რაკეტების გასავითარებლად.
6 ივნისის განცხადებაში სამინისტროს საგარეო ქონების კონტროლის დეპარტამენტი(OFAC) ამ პირებს და უწყებებს ადანაშაულებს ფინანსური გადარიცხვების წარმოებაში, რომლებსაც ეყრდნობოდა რაკეტების განვითარებისთვის საჭირო ნაწილების მოპოვების ქსელი. განცხადების თანახმად, კომპანიებმა მგრძნობიარე ცენტრიფუგები, მეტალები და რადარის მასალები მიჰყიდეს გავლენიან უწყებებს სანქციების სიაში მანამდე უკვე მოხვედრილი ირანის თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების ლოგისტიკის (MODAFL) სააგენტოში.
სანქციების ფონია ვაშინგტონის მხრიდან მზარდი ზეწოლა ირანზე, რათა მან შეწყვიტოს სარაკეტო პროგრამის გაფართოება.