დააკავეს კაცი, რომელიც არასრულწლოვან გერებს ამუშავებდა, სცემდა და მათ ფულს ისაკუთრებდა

ფოტოილუსტრაცია

პოლიციამ დააკავა 37 წლის კაცი, რომელიც ცოლის შვილებს - გერებს - აიძულებდა ნაგვის ურნებიდან ნივთების შეგროვებას, ჩაბარებას და მათ გამომუშავებულ თანხას ისაკუთრებდა. დაკავებულს 14-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

გერები 16 და 17 წლის მოზარდები არიან.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მ.ბ. ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, არასრულწლოვანი გერების - 2006 წელს დაბადებული რ.პ.-ს და 2007 წელს დაბადებული მ.პ.-ს შრომით ექსპლუატაციას სისტემატურად ახდენდა.

ბრალდებული მათ ნაგვის ურნებიდან სხვადასხვა ნივთების შეგროვებას და ჩაბარებას აიძულებდა, გამომუშავებულ თანხას სრულად ისაკუთრებდა. იმ შემთხვევაში თუ არასრულწლოვნები არ დაემორჩილებოდნენ მ.ბ.-ს მოთხოვნებს, ბრალდებული მათ ფიზიკურად უსწორდებოდა", - წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც არასრულწლოვანებით ვაჭრობას გულისხმობს.