„ვოლტ ჯორჯიას“ მხრიდან ორი კურიერისთვის აპლიკაციაზე წვდომის დაბლოკვის გამო, სახალხო დამცველის მიერ დადგენილი დისკრიმინაციის საკითხზე რადიო თავისუფლების შეკითხვას, კომპანიამ წერილობით უპასუხა.
6 ივლისს ომბუდსმენის აპარატმა განაცხადა, რომ მათ მიმართეს „ვოლტ ჯორჯიას“, დაუყოვნებლივ აღუდგინოს ორ კურიერს აპლიკაციაზე წვდომა. როგორც ომბუდსმენი აღნიშნავს, კომპანიამ კურიერებს „პრობლემების შესახებ საჯაროდ საუბრისა და სხვა საპროტესტო აქტივობების გამო, აპლიკაციაზე წვდომა დაუბლოკა“.
სახალხო დამცველმა საერთაშორისო ინსტიტუტებისა და სხვადასხვა ქვეყნის სასამართლოების მიერ შემუშავებულ უახლეს სტანდარტებზე დაყრდნობით, მიიჩნია, რომ პლატფორმის მეშვეობით მომუშავე კურიერები, მიუხედავად „პარტნიორის“ სტატუსისა, კომპანიასთან შრომით ურთიერთობაში მყოფი პირები არიან და, შესაბამისად, მათ შრომის კანონმდებლობიდან გამომდინარე გარანტიებით სარგებლობის უფლება აქვთ.
„ვოლტ ჯორჯიამ" რადიო თავისუფლებისთვის გამოგზავნილ წერილში აღნიშნა, რომ არ იზიარებს სახალხო დამცველის შეფასებას და მიიჩნევს, რომ კურიერებთან პარტნიორობა არ წარმოადგენს შრომით ურთიერთობას.
„ჩვენ არ ვიზიარებთ დასკვნაში მოყვანილ შეფასებებს, მით უმეტეს, როდესაც საუბარია შრომით ურთიერთობაში განსხვავებული მოსაზრების ნიშნით დისკრიმინაციაზე, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ პარტნიორობა ინდივიდუალურ მეწარმესთან არამართებულად არის შეფასებული შრომით ურთიერთობად.
კურიერები არ ექვემდებარებიან „ვოლტს“, ისინი არიან ინდივიდუალური მეწარმეები, თავად განსაზღვრავენ აპლიკაციის გამოყენების დროს და ხანგრძლივობას და აქვთ სრული თავისუფლება, მიიღონ ან უარი თქვან შეთავაზებული მომსახურების გაწევაზე. ისინი არ ფასდებიან რეიტინგით და შეუძლიათ, იმუშაონ სხვა პლატფორმებზეც. ბოლოდროინდელი კვლევებითაც დასტურდება, რომ პარტნიორი კურიერების აბსოლუტური უმრავლესობისთვის (90%-მდე) სწორედ თანამშრომლობის ეს ფორმაა ყველაზე მისაღები“, - ვკითხულობთ „ვოლტ ჯორჯიას“ წერილში.
სახალხო დამცველის მიმართვის მიუხედავად, კომპანია არ აპირებს კურიერებისთვის აპლიკაციაზე წვდომის აღდგენას:
„საზოგადოებისთვის ასევე ცნობილია სახალხო დამცველის წინა დასკვნების შესახებ, რომლებიც ჩვენი მსგავსი სპეციფიკის - პლატფორმული ბიზნესის წარმომადგენლებს ეხებოდა, სადაც იდენტური შეფასებებია გაკეთებული. თუმცა, ამ შემთხვევაში, ვინაიდან ჩვენ სახალხო დამცველის ოფისს წარვუდგინეთ ძალადობის, შეურაცხყოფისა და ბულინგის ფაქტების ამსახველი უტყუარი მასალა, გვქონდა მოლოდინი, რომ აღნიშნული საკითხი უფრო სიღრმისეულად იქნებოდა შესწავლილი.
აქედან გამომდინარე, ვერ გავიზიარებთ სახალხო დამცველის მიმართვას ორი კურიერისთვის აპლიკაციაზე წვდომის აღდგენასთან დაკავშირებით, რამდენადაც მათთან პარტნიორობის შეწყვეტის გადაწყვეტილების ერთადერთი მიზეზი იყო კომპანიის სახელშეკრულებო წესების და პირობების არაერთგზის დარღვევა.
კიდევ ერთხელ ღიად ვაფიქსირებთ, რომ ჩვენ პატივს ვცემთ გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციურ უფლებას, თუმცა ძალადობის და შეურაცხყოფის ფაქტები ვერ გადაიფარება პროტესტის საბაბით და ჩვენ ყოველთვის მოვახდენთ მსგავს ფაქტებზე თანაზომიერ, მათ შორის, სამართლებრივ, რეაგირებას“.
ასევე ნახეთ სახალხო დამცველმა დისკრიმინაცია დაადგინა „ვოლტის“ მხრიდან კურიერებისთვის აპლიკაციაზე წვდომის დაბლოკვის გამოსახალხო დამცველმა, პლატფორმის მეშვეობით მომუშავე პირების საქმიანობა შრომით ურთიერთობად პირველად „ბოლტის“ (Bolt Food) კურიერების საქმეზე შეაფასა, ხოლო მოგვიანებით იგივე სტანდარტები ასახა „გლოვოს“ მიმართ გაცემულ რეკომენდაციაშიც, რის შემდეგაც „გლოვომ“ დისკრიმინაციის მსხვერპლ კურიერს აპლიკაციაზე წვდომა აღუდგინა.