ლიეტუვის დედაქალაქში დღეს, 11 ივლისს, დაიწყო ნატოს ორდღიანი სამიტი. სამიტის მთავარი თემა ალიანსისა და უკრაინის ურთიერთობა იქნება, თუმცა მისი მონაწილეები სხვა არაერთ საკითხზე, მათ შორის სამომავლო სტრატეგიულ მიმართულებებზეც იმსჯელებენ.
ამ ეტაპზე უკრაინას ალიანსში არ მიიწვევენ. ნატოს ზოგიერთ წევრს სამხედრო ბლოკში კიევის სწრაფად მიღება სურდა, მაგრამ ამის წინააღმდეგი, სხვა ქვეყნებთან ერთად, არიან აშშ და გერმანია. მათი აზრით, არ შეიძლება ალიანში გაწევრიანდეს ქვეყანა, რომლის ტერიტორიაზეც ომია. ალიანსის წესდებით, როცა მის რომელიმე წევრს გარედან ესხმიან თავს, ბლოკის სხვა წევრები ვალდებული არიან, ის დაიცვან. ამ შემთხვევაში ნატო რუსეთთან ომში იქნებოდა ჩართული.
ნატოს დაგეგმილი აქვს გაწევრიანების მაგივრად, უკრაინას შესთავაზოს „უსაფრთხოების გარანტიები“, რაც ხანგრძლივ სამხედრო, ფინანსურ და ეკონომიკურ დახმარებას გულისხმობს.
ამას გარდა, ვილნიუსში უკრაინა ნატოს უფრო დაუახლოვდება და იმოქმედებს უკვე არსებული ნატო-უკრაინის კომისიის განვითარებული ვარიანტი, ნატო-უკრაინის საბჭო.
ვილნიუსის სამიტის წინ, ბოლო მომენტში, გამოცხადდა, რომ თურქეთი თანახმაა, მხარი დაუჭიროს ალიანსში შვედეთის გაწევრიანებას. სამაგიეროდ, ნატოს მომავალში ეყოლება ტერორიზმთან ბრძოლის კოორდინატორი. ამას გარდა, შვედეთსა და თურქეთს შორის სისტემატურად გაიმართება კონსულტაციები უსაფრთხოების საკითხებში. შვედეთი, ამასთან, მხარს დაუჭერს თურქეთის ინტერესებს ევროკავშირის საკითხებში, მაგალითად, საბაჟო ან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხებში. ამის ფონია ერდოანის მოთხოვნა, შვედეთის ნატოში გაწევრიანების თემა ევროკავშირში თურქეთის მიწვევასთან დაეკავშირებინა.
ლიეტუვის დედაქალაქში შეკრებილები პრინციპულად იმსჯელებენ ასევე იმაზე, თუ როგორი იქნება ნატოს სამომავლო სტრატეგია. წინა სამიტზე, მადრიდში, ახალი მიმართულება დაისახა, უკრაინაში რუსეთის აგრესიის გათვალისწინებით. ამ ახალი მიმართულების არსებითი პუნქტია ნატოს შეიარაღებული ძალების 300 ათას სამხედრო მოსამსახურემდე გაზრდა.
ვილნიუსში იმსჯელებენ კონკრეტულად ე.წ. „New Force Model-ის" შესახებ. ალიანსს ექნება ასევე „რეგიონული გეგმები“ ჩრდილოეთის, სამხრეთისა და განსაკუთრებით, სამხედრო კავშირის აღმოსავლეთისთვის.
ვილნიუსში განხილვის საგანი იქნება ასევე ფინანსები. დღემდე მიზანი იყო, რომ ნატოს წევრ ქვეყანას თავდაცვისთვის საერთო შიდა პროდუქტის ორი პროცენტი უნდა გამოეყო. ახლა თითოეული წევრი მოვალე გახდება, მინიმუმ ორი პროცენტი დახარჯოს სამხედრო მიზნებისთვის.