პოლონეთში ტანკ „ლეოპარდების“ სარემონტო ქარხანა ამოქმედდა

პოლონეთში ამოქმედა ტანკ „ლეოპარდების“ სარემონტო ქარხანა, რომელიც უკრაინის არმიას მოემსახურება რუსეთთან ომის დროს დაზიანებული ტანკების აღდგენაში.

ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა ტვიტერში დაწერა და აღნიშნა, რომ პირველი ორი "ლეოპარდი" სარემონტოდ უკრაინიდან უკვე ჩაიტანეს პოლონეთში.

უფრო ადრე გერმანული მედია წერდა ევროპის სარემონტო ჰაბის შექმნასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, რომელთა გამოც მაისის თვეში ვერ მოხერხდა ობიექტის გახსნა.

ქარხნის გახსნის იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ გერმანიის მიერ უკრაინისთვის გადაცემული „ლეოპარდები“ უნდა გარემონტებულიყო ტანკების გერმანული მწარმოებლის, კომპანია Rheinmetall и Krauss-Maffei Wegmann-ისა (KMW) და პოლონეთის სახელმწიფო ჯავშანსატანკო კომპანია PGZ-ის ერთობლივი მონაწილეობით.

სარემონტო ჰაბის გახსნის შეფერხების ძირითადი მიზეზი გახდა რემონტის, ტექნიკურ მომსახურებასა და გარანტიასთან დაკავშირებული ხარჯების ირგვლივ წარმოქმნილი უთანხმოება.

როგორც უკრაინული ინტერნეტ გამოცემა „ევროპეისკაია პრავდა“ წერდა, ვარშავამ თითქოს ბერლინისთვის მისაღებ ფასზე 10-ჯერ უფრო მეტი მოითხოვა.

გერმანული გამოცემა Spiegel-ის ცნობით, პრობლემა მხოლოდ ფასში არ იყო. გერმანელი ტანკების მშენებლები, სავარაუდოდ, აცხადებდნენ, რომ ტანკების სარემონტო ჰაბის გარშემო დავა პოლიტიკურად იყო მოტივირებული. როგორც Reuters-ი აღნიშნავს, ჯერ კიდევ გაურკვეველია, არის თუ არა პოლონეთის გლივიცეში შექმნილი ცენტრი სწორედ ის პოლონურ-გერმანული ერთობლივი საწარმო, რომელიც ადრე განიხილებოდა.

  • გერმანული წარმოების ტანკებს, „ლეოპარდებს“, უკრაინა ფრონტზე ივნისის დასაწყისიდან იყენებს. ინტერნეტში გამოქვეყნდა დაზიანებული ტანკების ფოტოები და ვიდეოები. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა არაერთხელ განაცხადა რუსი სამხედროების მიერ უკრაინაში განადგურებულ, სავარაუდოდ, დიდი რაოდენობით უცხოურ სამხედრო ტექნიკაზე. უკრაინელი სამხედროები აღიარებენ, რომ რამდენიმე ტანკი „ლეოპარდი " დაზიანდა, მაგრამ ზოგიერთი ექვემდებარება შეკეთებას.
  • 23 ივლისს ბელარუსის ავტორიტარ ლიდერთან, ალიაქსანდრ ლუკაშენკასთან მოლაპარაკებებზე პუტინმა განაცხადა, რომ ერთ-ერთ ბრძოლაში რუსმა სამხედროებმა, სავარაუდოდ, 15-ზე მეტი „ლეოპარდი“ გაანადგურეს. მაგრამ არც რუსულ და არც უკრაინულ მხარეებს არ გაუვრცელებიათ ცნობა ასეთი ბრძოლის შესახებ.