რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა ვიზიტით

რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ. მოსკოვი, 29 მაისი, 2023.

რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა ვიზიტით ორ ქვეყანას შორის „სამხედრო კავშირების განსამტკიცებლად“, იტყობინება სამინისტროს ოფიციალური ტელეგრამის არხი. აღნიშნულია, რომ ფხენიანის აეროპორტში შოიგუს დახვდა კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის არმიის გენერალი კან სუნ ნამი და საპატიო ყარაულის ასეული.

რუსეთის სამინისტროს ცნობით, დელეგაცია შოიგუს ხელმძღვანელობით მონაწილეობას მიიღებს ღონისძიებებში, რომლებიც ეძღვნება „1950-1953 წლების სამამულო განმათავისუფლებელ ომში კორეელი ხალხის გამარჯვების 70 წლისთავს“ (ლაპარაკია სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას შორის ომზე).

უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, დასავლეთის რიგი ქვეყნების, მათ შორის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა ფხენიანსა და მოსკოვს შორის სამხედრო თანამშრომლობის შესახებ. კერძოდ, ითქვა, რომ კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკა რუსეთის სამხედროებს ამარაგებს საარტილერიო საბრძოლო მასალითა და აღჭურვილობით, რომლის მარაგი რუსეთში საგრძნობლად ამოიწურა. ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ ეს უარყო.

ჩრდილოეთი კორეა ერთ-ერთია მსოფლიოს იმ სამი ქვეყნიდან, გარდა თავად რუსეთისა და სირიისა, რომლებმაც აღიარეს მოსკოვის მიერ შარშან შემოდგომაზე გამოცხადებული უკრაინის ოთხი რეგიონის ანექსია.