დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა არ გამორიცხავს, რომ რუსეთი შეეცდება შავ ზღვაში დააკავოს კომერციული გემები, რომლებიც, მისი აზრით, უკრაინისკენ მიემართებიან. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „მარცვლეულის შეთანხმებაზე“ უარის შემდეგ, რუსეთის შავი ზღვის ფლოტში გადაჯგუფება მოხდა. რუსეთმა ბოსფორის სრუტესა და ოდესას შორის პატრულირებისთვის შავი ზღვის სამხრეთ ნაწილში გაგზავნა კორვეტი „სერგეი კოტოვი“. ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა არ გამორიცხავს, რომ ეს საბრძოლო გემი შევა შემადგენლობაში იმ ოპერატიული ჯგუფის, რომელსაც კომერციული გემების დაკავება დაევალება.
25 ივლისს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა წარუმატებლად სცადეს „სერგეი კოტოვზე“ უეკიპაჟო კატერებით თავდასხმა. უკრაინას ამის შესახებ არაფერი უთქვამს.
დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის შეფასებით, „მარცვლეულის შეთანხმება“ ხელს უწყობდა შავ ზღვაში საბრძოლო მოქმედებების შეკავებას, ამიტომ, შეთანხმების შეწყვეტამ შესაძლოა, ძალადობის ინტენსივობა და მასშტაბი გაზარდოს.
ასევე ნახეთ
რუსეთი ემუქრება გემებს, რომლებიც უკრაინის პორტებისკენ წასვლას გადაწყვეტენრუსეთმა „მარცვლეულის შეთანხმება" 18 ივლისიდან დატოვა, 20 ივლისიდან კი „სამხედრო დანიშნულების ტვირთების პოტენციურ გადამტანებად“ გამოაცხადა შავი ზღვის აკვატორიაში უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსეთი „კონფლიქტში კიევის რეჟიმის მხარეს ჩართულად“ ჩათვლის ქვეყნებს, რომელთა დროშებითაც ეს გემები დაცურავენ.
უკრაინამ რუსეთი დაადანაშაულა თავისუფალი ნაოსნობის უფლების და სასურსათო უსაფრთხოების ხელყოფასა და შავი ზღვის სახიფათო ზონად გადაქცევაში და ნებისმიერ რისკზე პასუხისმგებლობა რუსეთის ხელისუფლებას დააკისრა. უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 21 ივლისიდან სამხედრო დანიშნულების ტვირთის გადამტანად ჩათვლის შავ ზღვაში რუსეთის ან მის მიერ დროებით ოკუპირებული უკრაინული პორტებისკენ მიმავალ ყველა გემს.
რუსეთმა 18 ივლისიდან დატოვა გაეროს და თურქეთის შუამავლობით 2022 წლის ივლისში მიღწეული „მარცვლეულის შეთანხმება", რომლის საფუძველზე, შავი ზღვით ხორციელდებოდა უკრაინული ხორბლის და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტების ექსპორტი, მათ შორის აფრიკის და აზიის ღარიბ ქვეყნებში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 17 ივლისს განაცხადა, რომ „მარცვლეულის შეთანხმებამ“ ჰუმანიტარული დანიშნულება ვერ გაამართლა და აშკარაა „საბოტაჟიც", რომლის გამოც ინიციატივა აზრს კარგავს, ამიტომ მის გაგრძელებას ეწინააღმდეგებიან.
ასევე ნახეთ
„მარცვლეულის შეთანხმების“ შეჩერებამ ხორბალი შესაძლოა, 10-15%-ით გააძვიროსრუსეთი შეთანხმების შენარჩუნების სანაცვლოდ მოითხოვდა ტოლიატი-ოდესის ამიაკის მილსადენის ამუშავებას, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის და მისი ნაწილების მიწოდების აღდგენას, უცხოეთის პორტებში რუსული გემების შესვლას, სატრანსპორტო ლოგისტიკის განბლოკვას და „როსსელხოზბანკის“ დაბრუნებას საერთაშორისო საგადასახადო სისტემა SWIFT-ში. რუსეთს ეს შეზღუდული აქვს უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ამოქმედებული სანქციების საფუძველზე.
რუსეთი ირწმუნება, რომ ვერ ახორციელებს სურსათის და სასუქების ექსპორტს, რასაც დასავლეთის სახელმწიფოები სიცრუეს უწოდებენ, რადგან ეს პროდუქცია სანქცირებული არ არის. უკრაინა და დასავლეთი რუსეთს ადანაშაულებენ სურსათის იარაღად გამოყენებაში.
- უკრაინამ და რუსეთმა, თურქეთის და გაეროს შუამავლობით, 2022 წლის 22 ივლისს სტამბოლში მიაღწიეს შავი ზღვით უკრაინული ხორბლისა და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციის ექსპორტის 120 დღით განახლების შეთანხმებას.
- გემების კონტროლისა და უსაფრთხო ნაოსნობისთვის სტამბოლში გაიხსნა უკრაინის, რუსეთის, თურქეთისა და გაეროს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული სპეციალური საკოორდინაციო ცენტრი.
- შეთანხმების მოქმედების ვადა სამჯერ გაგრძელდა და ბოლოს 17 ივლისს ამოიწურა.