გვინდა დავრწმუნდეთ, რომ გვეცოდინება, რა იტვირთება საქართველოდან რუსეთში დაბრუნებულ თვითმფრინავებში - ო'ბრაიენი

„გვინდა დავრწმუნდეთ, რომ გვეცოდინება, რა იტვირთება ამ თვითმფრინავებში, რომლებიც უკან, რუსეთში დაბრუნდებიან [საქართველოდან]“, - ამბობს ჯიმ ო'ბრაიენი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი სანქციების საკითხებში.

„საქართველოს საბაჟო სამსახურები რეალურ ნაბიჯებს დგამენ, რომ შეზღუდონ საბრძოლო მასალებისთვის საჭირო ნივთების რუსეთში გადაზიდვა. გვინდა დავრწმუნდეთ, რომ მათ სრული კონტროლი აქვთ საქართველოს საზღვრებზე - იქნება ეს საჰაერო თუ სახმელეთო. ეს უწყვეტი სამუშაოა და ჩვენ დიდძალ დახმარებას ვაწვდით. ისინი კარგი პარტნიორები არიან გამჭვირვალობის კუთხით. ახლა კითხვა ისაა, შეგვიძლია თუ არა უკეთესი მონაცემების მიღება მომავალში და შეგვიძლია თუ არა უფრო ნათლად დავინახოთ, თუ რა ხდება საქართველოსა და რუსეთს შორის ახლახან განახლებულ ფრენებთან დაკავშირებით“, - განაცხადა ო'ბრაიენმა, რომელიც ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სანქციების კოორდინატორებთან ერთად იმყოფებოდა თბილისში გასული თვის მიწურულს.

დემოკრატმა სენატორმა ჯინ შაჰინმა ო'ბრაიენს რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენასა და ამით სანქციებზე თავის არიდების შესაძლებლობაზე ჰკითხა. შაჰინი დაინტერესდა, არის თუ არა ეს შეშფოთების საბაბი.

„არ ვიტყოდი, რომ შემაშფოთებელია“, - უპასუხა ო'ბრაიენმა, მაგრამ დაამატა, რომ სანქციებისგან თავის არიდება „უდავოდ შესაძლებელია“.

ჯიმ ო'ბრაიენი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ჯერ კიდევ მოქმედი ხელმძღვანელია. სენატორების შეკითხვებს მან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე უპასუხა, რომელზეც განიხილავენ ო'ბრაიენის კანდიდატურას ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პოზიციაზე.