უკრაინელ დეპუტატებს და ჩინოვნიკებს ქვეყნიდან გასვლა დაუბლოკეს

საილუსტრაციო ფოტო. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობა კიევში

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცის გადაწყვეტილებით, პარლამენტის წევრებს და სხვადასხვა უწყების ჩინოვნიკებს ქვეყნიდან გასვლა დაუბლოკეს. ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელმა დაუდასტურა გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“. ბოლო ხანს უკრაინაში იყო შემთხვევები, როცა დეპუტატები საზღვარგარეთ მივლინებით გაემგზავრნენ და შემდეგ უცხოეთის კურორტებზე აღმოჩნდნენ.

„ხალხმა რეალობასთან კავშირი დაკარგა. შესაბამისი ორგანოები ძალიან დეტალურად შეისწავლიან დოკუმენტებს მივლინების შესახებ, რათა ისე არ მოხდეს, რომ მივლინება ვილნიუსში აქვთ და ბრუნდებიან ხორვატიის გავლით, სადაც ერთ კვირას ჩერდებიან“, - უთხრა „უკრაინსკა პრავდას“ პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელმა. მისი ინფორმაციით, დამატებით დამუშავდება განკარგულება, რომელიც ადგენს საზღვარგარეთ მივლინების და შვებულების წესებს. წყაროს თანახმად, არსებობს აზრი, რომ „განსაკუთრებით სკანდალური ხალხი“ დეპუტატის მანდატის დაკარგვის შემდეგ საომრად გაიწვიონ.

26 ივლისს უკრაინული მედიით გავრცელდა ცნობები, რომ სასაზღვრო-გამშვებმა პუნქტებმა მიიღეს მითითება, საზღვარგარეთ არ გაუშვან პარლამენტის დეპუტატები და სხვადასხვა უწყების ჩინოვნიკები. სასაზღვრო სამსახურში „უკრაინსკა პრავდას“ მხოლოდ ის უთხრეს, რომ კანონმდებლობის და სამთავრობო დადგენილებების შესაბამისად მოქმედებენ.

ასევე ნახეთ

ზელენსკი: შიდა ღალატი, პლაჟები და პირადი გამდიდრება სულ მცირე მძვინვარებას იწვევს

ომის მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის თანამდებობის პირთა უცხოეთში დასვენებასთან დაკავშირებული ბოლო სკანდალი ეხებოდა პარლამენტის დეპუტატს პრეზიდენტ ზელენსკის პარტია „ხალხის მსახურიდან“, იური არისტოვს.

25 ივლისს უკრაინული მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვისა და დაზვერვის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე არისტოვი ივლისის შუა რიცხვებში მალდივის კუნძულებზე, 5-ვარსკვლავიან სასტუმროში ისვენებდა. იმავე დღეს არისტოვმა უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა განცხადებით დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ. არისტოვის საქმეს უკრაინის საგამოძიებო ბიურო და უსაფრთხოების სამსახური სწავლობენ.