Politico: აშშ სექტემბერში დაიწყებს უკრაინისთვის "აბრამსების" მიწოდებას

ამერიკული "აბრამსები" წვრთნისას. ადაზი, ლატვია, 26 მარტი, 2021.

აშშ აპირებს, სექტემბერში დაიწყოს უკრაინისთვის „აბრამსის“ ტანკების მიწოდება. ამის შესახებ Politico იუწყება წყაროებზე დაყრდნობით.

გამოცემის თანახმად, აგვისტოში იგეგმება რამდენიმე ტანკის გაგზავნა გერმანიაში, სადაც ისინი საბოლოო მოდერნიზაციას გაივლიან. ამის შემდეგ პირველ პარტიას გადასცემენ კიევს.

აშშ გერმანიაში გაგზავნის „აბრამსის“ ძველ მოდელებს (M1A1) უფრო ახალი მოდიფიკაციების (A2) ნაცვლად, რომელთა მიწოდებას წლები დასჭირდებოდა, აკონკრეტებს Politico.

ტანკებს ხსნიან ყველაზე გასაიდუმლოებულ ნაწილებს, რომლებიც არ უნდა მოხვდეს რუსეთის არმიის ხელში, მათ შორის, ზოგიერთ შემთხვევაში - გაღარიბებული ურანის შემცველ ჯავშანს.

როგორც პუბლიკაციიდან ირკვევა, პირველ პარტიაში შევა ექვსიდან რვა ტანკამდე. საერთო ჯამში აშშ გეგმავს, უკრაინას გადასცეს 31 ტანკი, ანუ ერთი უკრაინული სატანკო ბატალიონი.

Politico-ს ცნობით, ტანკების გაგზავნის შეფერხება რამდენიმე მიზეზით არის განპირობებული, მათ შორის უკრაინელი ტანკისტების მომზადებისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების საჭიროებებისთვის „აბრამსების“ მორგების აუცილებლობით.

როგორც გამოცემის ერთ-ერთმა თანამოსაუბრემ განაცხადა, ცვლილებების პირველი სერია უკვე განხორციელდა, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, მოასწრებს თუ არა აშშ აგვისტოს ბოლომდე ყველა საჭირო სამუშაოს დასრულებას.

უკრაინელი სამხედროები ტანკების მართვას შეძლებენ გერმანიაში 10-კვირიანი სასწავლო კურსის გავლის შემდეგ. ისინი აგვისტოში დაასრულებენ ტრენინგს.

ახლა უკრაინა კონტრშეტევის დროს უკვე იყენებს გერმანულ „ლეოპარდის“ ტიპის ტანკებს, რომლებიც მას ევროპის სხვადასხვა ქვეყანამ გადასცა. უკრაინის ჯარს გადაეცა ასევე ბრიტანული „ჩელენჯერებიც“, ისინი ფრონტზე ჯერჯერობით არ შეუნიშნავთ.