ბათუმში დაკავებული უკრაინის მოქალაქე შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში ჰყავდათ გადაყვანილი

მარინა ჩობანიანი

ოზურგეთში, წინასწარი დაკავების საკანში გადაიყვანეს უკრაინის მოქალაქე ქალი, რომელიც ბათუმში დააკავეს, სოჭიდან გამოსული საკრუიზო ლაინერის, Astoria Grande-ს წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ის იზოლატორში შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ადგილობრივ საავადმყოფოში ჰყავდათ გადაყვანილი გარკვეული დროით.

ოზურგეთის კლინიკა „მედალფას“ ექიმმა ქეთევან თავართქილაძემ გვითხრა, რომ პაციენტის მდგომარეობა შიშმა გამოიწვია. მას გაუწიეს დახმარება და კლინიკიდან გაწერის დროს უკვე სტაბილურად იყო.

რადიო თავისუფლება ესაუბრა დაკავებულის დედას, რომელმაც თქვა, რომ შვილი დაკავების შემდეგ არ დაკავშირებია, რადგან პოლიციამ ტელეფონი წაართვა და არ იცის მისი ადგილსამყოფელი.

როგორც დაკავებულის დედამ, უკრაინის მოქალაქე ალა პეტროვნამ გვიამბო, მისი შვილი არის მარინა ჩობანიანი, რომლის მამაც საქართველოდან იყო და წლების წინ გარდაიცვალა. მარინა საქართველოში მამის საფლავის მოსანახულებლად ხშირად ჩამოდიოდა. ბოლოს ის 2022 წლის იანვარში, ჯერ კიდევ უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყებამდე ჩამოვიდა.

„ჩემი შვილი ძალიან ძლიერი და პრინციპული ადამიანია. მის გადაარწმუნებს ვერავინ შეძლებს. ის არის უკრაინის და საქართველოს პატრიოტი", - გვითხრა ალა პეტროვნამ.

თავად ალა პეტროვნამ უკრაინა ომის დაწყებიდან ორი კვირის შემდეგ დატოვა და პოლონეთში გაემგზავრა. იქიდან კი შვილთან საქართველოში ჩამოვიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში ჩვენთან საუბარში განაცხადეს, რომ 31 ივლისს ბათუმის აქციაზე დაკავებულ ყველა მოქალაქეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლების დარღვევას ედავებიან.

ასევე ნახეთ ბათუმში დაკავებულ 23 ადამიანს შორის ერთ-ერთი უკრაინის მოქალაქეა

ვიდეო ასახავს მარინა ჩობანიანს, რომელიც ოზურგეთის საავადმყოფოდან დააბრუნეს წინასწარი დაკავების საკანში.

ოზურგეთის წინასწარი დაკავების საკანში ასევე იმყოფება ლუკა წულაძე, რომელმაც დაკავებისას თქვა, რომ ნაგავი ესროლა რუსი ტურისტების ავტობუსს.

სოჭიდან გამოსულმა საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande-მ ბათუმის ნავსადგური მოქალაქეების პროტესტის ფონზე დატოვა.

საკრუიზო ლაინერს, რომელმაც რუსი ტურისტები ჩამოიყვანა, 31 ივლისს, გამთენიისას ქალაქში საპროტესტო აქციით დახვდნენ, რის გამოც რუსეთის მოქალაქეებმა ხმელეთზე გადმოსვლა საქართველოს პოლიციის დახმარებით შეძლეს, შემდეგ კი ავტობუსებითა და მიკროავტობუსებით დატოვეს ნავსადგურის ტერიტორია. დემონსტრანტებმა მათ კვერცხები და ბოთლები ესროლეს.

ასევე ნახეთ არის თუ არა ბათუმში შემოსული საკრუიზო ლაინერის მფლობელი სანქცირებული რუსი ბიზნესმენი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ აქციაზე 23 ადამიანი დააკავა.

პალაუს დროშით მცურავი გემი Astoria Grande, რომელსაც თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International-ი ემსახურება, ბათუმის ნავსადგურში 27 ივლისსაც შევიდა. გემი საპროტესტო აქციით გააცილეს.

ასევე ნახეთ "უკვე მეტისმეტი იყო" - რამ გააბრაზა ბათუმის საპროტესტო აქციის მონაწილეები
ასევე ნახეთ „პოლიციელებმა წამგლიჯეს უკრაინული დროშა“ - უკრაინის მოქალაქე დაკავების დეტალებს იხსენებს