ზუგდიდი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსებისა და ავტობუსების მძღოლებმა ზუგდიდში საპროტესტო აქცია გამართეს. სავაჭრო ცენტრ “ალიანსთან” შეიკრიბნენ რკინიგზის სადგურთან მოქმედი ავტოსადგომის მძღოლები. ისინი ეწინააღმდეგებიან ახალი ავტოსადგურის გახსნას, საიდანაც დედაქალაქის მიმართულებით დამატებითი რეისები დაინიშნა. ადგილზე იყო პოლიციაც.
აქციის მონაწილეები ირწმუნებიან, რომ ახალი სადგური უნებართვოა და მძღოლები თვითნებურად მუშაობენ. მათი თქმით, დაზარალდნენ “უკანონო სადგურის” გახსნით, რადგან შემცირდა მგზავრთა რაოდენობა.
“ხის ქვეშ გახსნეს სადგური. ეს პატარა ქალაქია და არ არის ასე, რომ ყველგან სადგური იყოს... ხელისუფლებას ვთხოვ, დროულად მიიღოს რეგულაციები. თუ ჩვენია გასაუქმებელი - გააუქმონ. თუ ისაა, მაშინ - ის”, - თქვა რადიო თავისუფლებასთან კომენტარში ზუგდიდი-თბილისის ავტობუსის მძღოლმა ბესო თაქთაქიშვილმა.
აქცია ზუგდიდში
ახალი ავტოსადგურის დირექტორი დემნა სორდია აცხადებს, რომ სადგური კანონის და სტანდარტების დაცვით მუშაობს. იგი ამბობს, რომ აქვს ეკონომიკის სამინისტროს მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვა.
“გავხსენით ჩვენ ავტოსადგური 15 დღის წინ. ჰყავს ამ სადგურს დამფუძნებელი და მე ვარ დირექტორი… მუშაობის უფლება გვაქვს ეკონომიკის სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსგან”, - განაცხადა დემნა სორდიამ.
მისთვის გაუგებარია აქციის მონაწილეების პრეტენზია მომხმარებელთა სიმცირეზე - მისი თქმით, ახალ სადგურს ზუგდიდიდან თბილისის მიმართულებით იგივე ტარიფი აქვს დაწესებული, რაც ძველს - 25 ლარი.
აქციის დასრულების მიუხედავად, უკმაყოფილო მძღოლები ირწმუნებიან, რომ მომდევნო დღეებში ახალ სადგურს მუშაობის უფლებას არ მისცემენ.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა რკინიგზის სადგურთან მოქმედი ავტოსადგურის მძღოლები აქციას მართავენ. ისინი მანამდეც გამოხატავდნენ პროტესტს ყველა სხვა სადგურის გახსნის წინააღმდეგ.