The Telegraph-ი: ჩინეთი რუსეთს აწვდის ვერტმფრენებს, თვითმფრინავებს და ლითონს

ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი აქვეყნებს თავისი კვლევის შედეგებს და იტყობინება, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ, რუსეთის კომპანიებმა ათიათასობით პროდუქტი მიიღეს ჩინეთიდან.
ლაპარაკია კომპანიებზე, რომლებიც აწარმოებენ სარაკეტო დანადგარებს, ჯავშანტექნიკას და სტრატეგიულ ბომბდამშენებს. ამ კომპანიებს შორის არიან ისეთებიც, რომლებსაც დასავლეთმა სანქციები დაუწესა.
ჩინეთსა და რუსეთს შორის ვაჭრობამ 2023 წელს 200 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რაც, გამოცემის თანახმად, ახალი რეკორდია. საქონლის ექსპორტი, რომელიც პოტენციურად შეიძლება გამოყენებულ იქნას სამხედრო სფეროში, წელიწადში სამჯერ გაიზარდა გასული წლის ივნისიდან მიმდინარე წლის ივნისამდე.
The Telegraph-ი იმოწმებს კვლევითი ორგანიზაცია Molfar Global-ის ინფორმაციას, რომ ომამდე ორი თვით ადრე ჩინეთის კომპანია Shantou Honghu Plastics-მა რუსეთში ათასი დრონი გაგზავნა. სოციალურ ქსელებში და საკუთარ ვებსაიტზე ეს კომპანია საკუთარ თავს საბავშვო სათამაშოებით ბითუმად მოვაჭრეს უწოდებს. დრონები ჩინეთიდან რუსეთში მიაწოდეს ფირმა „სამსონს“, რომელიც ასევე სათამაშოების საბითუმო მოვაჭრედ მოიხსენიებს საკუთარ თავს.
უკრაინაში ომის დაწყებიდან ოთხი დღის შემდეგ ჩინურმა კომპანია Hems999-მა რუსეთში ორი ვერტმფრენი გაგზავნა. ჩინეთში მოქმედმა ფირმამ, Tianjin Huarong Aviation-მა კი, ომის დაწყებიდან რუსეთს ოთხი Airbus-ის ტიპის ვერტმფრენი გადასცა. ტექნიკა მიიღო რუსულმა კომპანია „ურალის ვერტმფრენმა“, რომლის მთავარი დამკვეთი ეროვნული გვარდიაა.
გამოცემის თანახმად, კვლევით დადგინდა ასევე, რომ 2022 წლის დასაწყისიდან 2023 წლის პირველ კვარტლამდე ჩინურმა ფირმებმა ოპტიკური სამიზნეები გაუგზავნეს 50-ზე მეტ რუსულ კომპანიას. ამ პროდუქციის იმპორტი 2022 წელს წინა წელთან შედარებით თითქმის გაორმაგდა და 2,5 მილიონი დოლარი შეადგინა.
The Telegraph-ი წერს ასევე 2022 წელს რუსეთში ჩინეთის ფირმების მიერ 18 მილიონი დოლარის ღირებულების ტიტანის შენადნობის პროდუქციის შეტანის შესახებ. ეს მოცულობა თითქმის ორჯერ მეტია 2021 წლის მონაცემზე. ტიტანის მსუბუქი და სითბოს მიმართ მედეგი შენადნობები სამხედრო თვითმფრინავებისა და იარაღის წარმოებისთვის აუცილებელი მასალაა. გამოცემა წერს ასევე მაგნიუმის შენადნობების ექსპორტის შესახებ რუსეთში.
რუსეთის კომპანიებმა, რომლებიც დაკავშირებული არიან კამაზის ავტომობილების და კამაზ-ტაიფუნის ტიპის ჯავშანმანქანების წარმოებასთან, ჩინეთიდან მიიღეს საქონლის, სულ მცირე, 520 პარტია (სათადარიგო ნაწილები, შესადუღებელი და ლაზერული აპარატები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის დასამზადებლად).
სანქციების ქვეშ მყოფმა მაგნიტოგორსკის რკინისა და ფოლადის საწარმომ ასევე მიიღო საქონელი ჩინეთიდან.
გარდა ამისა, გამოცემის ცნობით, ჩინეთს შეუძლია რუსეთისთვის ნედლეულის მიწოდება მესამე ქვეყნების მეშვეობით. გავრცელებული ინფორმაციით, პეკინი და მოსკოვი ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ ირანთან ამონიუმის პერქლორატის მიწოდებაზე. ესაა ქიმიური შენაერთი, რომელიც გამოიყენება ბალისტიკური რაკეტების სტარტისთვის. თუ ეს გარიგება დაიდება, ის ოფიციალურ სავაჭრო რეესტრებში არ გამოჩნდება.
დასავლური მედია არაერთხელ წერდა, რომ ჩინეთი, უკრაინაში რუსეთის ომის მიმართ ნეიტრალიტეტის გამოცხადების მიუხედავად, მოსკოვს სამხედრო აღჭურვილობას აწვდის. ჩინეთი უარყოფს ყველა ბრალდებას რუსეთის სამხედრო მხარდაჭერასთან დაკავშირებით.