რუსეთი აცხადებს, რომ ყირიმის მახლობლად უკრაინას დრონი ჩამოუგდო და კატერები გაუნადგურა

საილუსტრაციო ფოტო. ანექსირებული ყირიმის და რუსეთის დამაკავშირებელი ხიდი, რომელიც არაერთხელ იქცა დრონებით თავდასხმის სამიზნედ

რუსეთი ირწმუნება, რომ „აღკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა, ორი უპილოტო საფრენი აპარატით განეხორციელებინა ტერორისტული შეტევა“.

დღეს, 4 სექტემბერს, ადგილობრივი დროით ღამის 3 საათისთვის რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ საჰაერო თავდაცვის საშუალებებმა თვითმფრინავის ტიპის 1 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს ყირიმის ნახევარკუნძულის მახლობლად, შავი ზღვის აკვატორიის თავზე და 1 - კურსკის ოლქის ტერიტორიაზე. ეს ინფორმაცია დამოუკიდებელი წყაროებით გადაუმოწმებელია.

ბოლო რამდენიმე თვეა რუსეთის ტერიტორიასა და ანექსირებულ ყირიმზე თითქმის ყოველდღე ხდება დრონებით თავდასხმა.

ასევე ნახეთ

უკრაინის სამხედრო ოპერაციები ყირიმში - რა ვიცით

ასევე ნახეთ

ბუდანოვი: ფსკოვის აეროდრომზე თავდასხმა რუსეთის ტერიტორიიდან განხორციელდა

დღეს დილით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ტელეგრამით გაავრცელა კიდევ ერთი ცნობა, რომ ღამით, შავი ზღვის ფლოტის ავიაციის თვითმფრინავებმა აკვატორიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში „გაანადგურეს ამერიკული წარმოების 4 სწრაფმავალი სამხედრო კატერი Willard Sea Force უკრაინის შეიარაღებული ძალების მედესანტეთა ჯგუფებით“. რუსეთის მტკიცებით, ეს ჯგუფები ყირიმის ტარხანკუტის კონცხისკენ მიემართებოდნენ. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ამ ინფორმაციაზე რეაქცია ჯერჯერობით არ ჰქონია.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აგვისტოს ბოლოსაც განაცხადა, რომ კუნძულ ზმეინისთან ჩაძირა უკრაინის არმიის კატერი Willard Sea Force. კიევმა ეს უარყო.