ლიბიაში წყალდიდობის შემდეგ დაკარგულად ითვლება 10 000-მდე ადამიანი

ლიბიაში სტიქიური უბედურების ეპიცენტრში მდებარე ქალაქი დერნა. 2023 წლის 11 სექტემბერი

სულ მცირე 3 ათასი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა წყალდიდობამ ლიბიაში, რომელიც სამოქალაქო დაპირისპირების შედეგად, ათ წელზე მეტია, ორ ნაწილადაა გაყოფილი.

საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებული ხელისუფლება ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლის და მის შემოგარენს აკონტროლებს, ალტერნატიული მთავრობა კი ქვეყნის მთელ აღმოსავლეთს. სწორედ ამ ტერიტორიაზეა სტიქიური უბედურების ეპიცენტრი.

ადგილობრივი ადმინისტრაციის წარმომადგენელმა სააგენტო Reuters-ს განუცხადა, რომ მხოლოდ ქალაქ დერნაში ნაპოვნია სულ მცირე 1000 ადამიანის გვამი. ქალაქის დაახლოებით 25% მთლიანად განადგურებულია. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მონაცემებით, ლიბიაში დაკარგულად ითვლება 10 000-მდე ადამიანი.

ასევე ნახეთ მაროკოში 2800-ს გადააჭარბა მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა

10 სექტემბერს ლიბიის ჩრდილო-აღმოსავლეთს თავს დაატყდა ციკლონი „დენიელი“ ქარიშხლით და ძლიერი წვიმით, რომელმაც წყალდიდობა გამოიწვია. დანგრეულია ასეულობით შენობა. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა ქალაქ დერნაში, სადაც წყალდიდობამ ორი კაშხალი დაანგრია.

Reuters-ის ინფორმაციით, ლიბიის ლეგიტიმურმა მთავრობამ, რომელიც ქვეყნის აღმოსავლეთს ვერ აკონტროლებს, დერნაში ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნა. იმავეს აპირებს რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის აშშ.