კახეთის სამ მუნიციპალიტეტში: ყვარელში, თელავსა და ლაგოდეხში, სულ მცირე, 30-მდე სოფელში სტიქიის შედეგებს ითვლიან. 17 სექტემბრის საღამოს მოსულმა სეტყვამ ყველაზე მეტად ყვარლის სოფლები გრემი, ენისელი, ალმატი და საბუე დააზარალა.
სეტყვის შედეგები კახეთში
როგორც ადგილობრივები ამბობენ, მოსავლის თითქმის 100 პროცენტი განადგურებულია. სოფელ გრემში, რომელიც ქინძმარაულის ზონად ითვლება, ათეულობით მევენახეს ყურძენი მოსაკრეფი ჰქონდა.
"ორი ვენახი მაქვს, ერთში 7 ტონა ყურძენი უნდა მომეკრიფა, მეორეში - 6. ჩვენი ქინძმარაულის ზონაა და ერთი კილოგრამის ფასი, სულ მცირე, 1,8 ლარი იყო. ამ დღეებში უნდა მოგვეკრიფა, მაგრამ ახლა მოსაკრეფი აღარაფერია, დავრჩით მოსავლის და შემოსავლის გარეშე“, - უთხრა რადიო თავისუფლებას მევენახემ გრემიდან, დავით ვარძმაშვილმა.
სეტყვის შედეგები კახეთში
ყურძენი მოსაკრეფი ჰქონდათ ენისელში, ალმატსა და საბუეშიც. სტიქიამ მოსახლეობას საცხოვრებელი სახლებიც დაუზიანა - გადახდილია სახურავები, მწყობრიდან გამოვიდა ელექტროტექნიკა. როგორც სოფელ საბუეში ამბობენ, მსგავსი სტიქია არ ახსოვთ. ადგილობრივები აღნიშნავენ, რომ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ იმუშავა, თუმცა შედეგი არ იყო.
სეტყვის შედეგები კახეთში
ძლიერმა სეტყვამ და ქარმა დააზარალა თელავისა და ლაგოდეხის სოფლებიც. დაზიანებულია ვენახები, ხეხილის ბაღები და სხვა ერთწლიანი კულტურები. დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები. დაიხოცა შინაური ფრინველი.
სეტყვის შედეგები კახეთში
სახელმწიფო რწმუნებული კახეთის რეგიონში გიორგი ალადაშვილი ამბობს, რომ მიმდინარეობს ზიანის დათვლა, მათ შორის სასოფლო სამეურნეო კუთხით.
"ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი უწყება. მიმდინარეობს ზარალის დათვლა. შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დაზარალებულ მოსახლეობას ზიანი აუნაზღაურდება. ჩვენ კომუნიკაციაში ვართ მოქალაქეებთან და არცერთი მოსახლე არ დარჩება ყურადღების გარეშე", - უთხრა რადიო თავისუფლებას სახელმწიფო რწმუნებულმა.
მოსახლეობა ამბობს, რომ თუ არ დაეხმარებიან, სტიქიის შედეგებს საკუთარი ძალებით ვერ გაუმკლავდებიან.
ბოლო ორ კვირაში სტიქიამ კახეთი მესამედ დააზარალა. ადგილობრივი მუნიციპალიტეტებიდან მოსახლეობას მხოლოდ ინფრასტრუქტურულ ზიანს უნაზღაურებენ.