რუსეთმა იერიში მიიტანა ლვოვზე, ნიკოლაევსა და კრივოი-როგზე

საილუსტრაციო ფოტო. რუსეთის შეტევის შედეგად დაზიანებული სახლი ლვოვში

რუსეთმა უპილოტო საფრენი აპარატებით და ბალისტიკური რაკეტით მორიგი იერიში მიიტანა უკრაინის ტერიტორიაზე.

საჰაერო ძალების სარდლობის მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასული ღამის განმავლობაში საოკუპაციო ძალებმა გამოიყენეს რუსეთის ტერიტორიიდან, პრიმორსკ-ახტარსკიდან გაშვებული 30 ე.წ. დამრტყმელი დრონი და 1 ბალისტიკური რაკეტა „ისკანდერი“, რომელიც ანექსირებული ყირიმიდან ქალაქ კრივოი როგის მიმართულებით ისროლეს. სარდლობის ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა უკრაინის სამხრეთ, ცენტრალურ და დასავლეთ ოლქებში გაანადგურეს 30 დრონი.

უპილოტო საფრენი აპარატებით დარტყმის შედეგად ქალაქ ლვოვში 1 ადამიანი დაიღუპა და 2 დაშავდა. ამის შესახებ ლვოვის მერი და საოლქო-სამხედრო ადმინისტრაცია იუწყებიან. ხანძარი გაუჩნდა 3 სამრეწველო საწყობს.

ქალაქ კრივოი როგში დაზიანდა მრავალსართულიანი ადმინისტრაციული შენობა, 3 სახლი, სკოლა და საბავშვო ბაღი. ნიკოლაევის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, განადგურებული დრონების ნამსხვრევებმა დააზიანა ერთ-ერთი აგროსაწარმოს ტერიტორია.