დღეს, 20 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე, რომელზეც ე.წ. 7 ნოემბრის საქმეზე ბრალდებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების საქმე განიხილებოდა, მოსამართლეთა კოლეგიამ დააკმაყოფილა სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა. ადვოკატები მტკიცებულებების ხელახლა გამოკვლევას მოითხოვდნენ. როგორც სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარემ, ნინო ელიეშვილმა განმარტა, გადაწყვეტილება კოლეგიამ ერთხმად მიიღო.
მოსამართლის განმარტებით, გადაწყვეტილების საფუძველს წარმოადგენს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, რომლის თანახმად, მოსამართლეთა კოლეგიის შემადგენლობაში ცვლილების დროს მტკიცებულებათა ხელახლა გამოკვლევაა საჭირო. საქმეში მოსამართლე ლაშა კლდიაშვილი სათადარიგო მოსამართლის სტატუსით არ ჩართულა. მან კოლეგიაში მოსამართლე ლია ორკოდაშვილი ჩაანაცვლა, რომელიც პენსიაზე გავიდა.
ადვოკატების შუამდგომლობას საქმის ხელახლა გამოკვლევის შესახებ დაეთანხმა ბრალდებული მიხეილ სააკაშვილიც, რომელიც დღევანდელ სხდომას კლინიკა „ვივამედიდან“ ვიდეოზარის საშუალებით ჩაერთო.
დაცვის მხარის შუამდგომლობას არ დაეთანხმნენ პროკურატურის წარმომადგენლები, ისინი შუამდგომლობას დაუსაბუთებლად მიიჩნევდნენ. მათივე განცხადებით, მტკიცებულებათა ხელახლა გამოკვლევა პროცესს არაგონივრულად გაახანგრძლივებს.
შუამდგომლობის დაყენებისას მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, აშშ-ის მიერ "საქართველოზე რუსეთის მავნე გავლენის შესამცირებლად" სანქცირებული ოთარ ფარცხალაძეც ახსენა. ბექა ბასილაიას თქმით, „აღმოჩნდა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ საქმის მტკიცებულებების შეგროვების პროცესს საპროცესო ზედამხედველობას რეალურად უწევდა ოთარ ფარცხალაძე. შეიძლება ფორმალურად მისი ხელმოწერილი დოკუმენტი არ არის საქმეში წარმოდგენილი, მაგრამ იმ პერიოდში, როცა ხდებოდა მთელი რიგი მტკიცებულების მოპოვება, ოთარ ფარცხალაძე იყო გენერალური პროკურორი. შესაბამისად ჩნდება კითხვა: თუ საპროცესო ზედამხედველობას უწევს პროკურორი, რომელიც აღმოჩნდა ოკუპანტი ქვეყნის აგენტი, ასეთ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები როგორ შეიძლება სასამართლოს მიერ საერთოდ შეფასდეს?!“ - თქვა ბექა ბასილაიამ.
პროკურორ ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, დაცვის მხარის მიერ შუამდგომლობაში ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ხსენება პოლიტიკური სპეკულაციაა, ვინაიდან "7 ნოემბრის საქმეზე" გამოძიება 2007 წელს დაიწყო, თუმცა 2014 წლამდე არსებითად არაფერი გაკეთებულა - სისხლისსამართლებრივი დევნა 2014 წელს დაიწყო, ოთარ ფარცხალაძე კი მთავარ პროკურორად 2013 წელს დაინიშნა და ერთი თვის განმავლობაში ეკავა თანამდებობა. შესაბამისად, ჯარჯი წიკლაურის განმარტებით, ადვოკატებმა პოლიტიკურ სპეკულაციებს „თავი უნდა დაანებონ“.
პროკურორს ადვოკატმა ბექა ბასილაიამ უპასუხა, რომ საქმეზე გამოძიება 2007 წელს არ დაწყებულა. "გამოძიება სახელმწიფოს გადატრიალებაზე დაიწყო და არა - სააკაშვილის, უგულავას, კეზერაშვილის და ადეიშვილის წინააღმდეგ. რაც შეეხება ფარცხალაძის შემხებლობას, ოთარ ფარცხალაძე ვიდრე გენერალური პროკურორი გახდებოდა, იყო ფინანსური პოლიციის უფროსი, იმ დროს ნაძიები ფაქტები ამ საქმეში გაქვთ წარმოდგენილი. „ეფესბეს" აგენტის მიერ დანიშნული პირების მიერ მოხდა ამ საქმის გამოძიება, ასევე მის მიერ იყო დანიშნული, ვინც ბრალს ხელი მოაწერა. ეს სპეკულაცია როგორაა, ფაქტია?!" - განაცხადა ბასილაიამ.
„7 ნოემბრის საქმე” ამ დღეს გამართული მიტინგის დარბევას, „იმედში” შეჭრასა და მის „ხელში ჩაგდებას” აერთიანებს. მიხეილ სააკაშვილის გარდა, ამ საქმეში ბრალდებული არიან სხვა ყოფილი მაღალჩინოსნები: გიგი უგულავა, დავით კეზერაშვილი, ზურაბ ადეიშვილი და ვანო მერაბიშვილი. მათ ბრალი უფლებამოსილების გადამეტებაში ედებათ.
„7 ნოემბრის საქმე“ არის პირველი სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც მიხეილ სააკაშვილს 2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ წაუყენეს ბრალი. ამ საქმეზე პროკურატურამ მას ბრალი 2014 წლის 28 ივლისს წარუდგინა, 2014 წლის 2 აგვისტოს კი მას დაუსწრებლად შეეფარდა პატიმრობა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი 2021 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ პატიმრობაშია. მას სასამართლომ პატიმრობა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდადებულთა შეწყალების გამო მიუსაჯა. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ "7 ნოემბრის საქმის" გარდა, კიდევ ორი საქმეა აღძრული.
2022 წლის მაისში, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გადაიყვანეს კლინიკა „ვივამედში", სადაც დღემდე იმყოფება. მიხეილ სააკაშვილი ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. მიმდინარე წლის 12 მაისს ცნობილი გახდა, რომ სტრასბურგის სასამართლომ მას უარი უთხრა დროებით ღონისძიებად ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე.