Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილის პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიდო

ფოტო არქივიდან: მიხეილ სააკაშვილი ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე
ფოტო არქივიდან: მიხეილ სააკაშვილი ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 19 ივნისს, აღარ ჩატარდება პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასამართლო სხდომა, "7 ნოემბრის" საქმეზე. რადიო თავისუფლებას მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ უთხრა, რომ ამის მიზეზია კოლეგიის შემადგენლობაში მყოფი სამი მოსამართლიდან ერთის არყოფნა.

რადიო თავისუფლებას თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადეს, რომ მოსამართლე ლია ორკოდაშვილი პენსიაზე გავიდა და კოლეგიის შემადგენლობა ჯერ დაკომპლექტებული არ არის. მისი ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მოსამართლე ორკოდაშვილი 65 წლის 2023 წლის 21 მაისს გახდა.

ლია ორკოდაშვილი 1998 წლიდან იყო მოსამართლე, 2005 წლამდე იგი თბილისის საოლქო სასამართლოში მუშაობდა. 2005-2009 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს, 2012 წლის ოქტომბრიდან კი - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.

"7 ნოემბრის" საქმის სასამართლო კოლეგიის წევრები მასთან ერთად იყვნენ მოსამართლეები ნინო ელეიშვილი და მაია ქოქიაშვილი.

16 ივნისს მიხეილ სააკაშვილის სახელით ფეისბუკში დაიწერა პოსტი, რომლის მიხედვითაც, ის ქართულ პოლიტიკაში აქტიურად ჩართვასა და თავის სასამართლო პროცესებზე დასწრებას გეგმავს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი 2021 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ პატიმრობაშია. მას სასამართლომ პატიმრობა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდადებულთა შეწყალების გამო მიუსაჯა. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმეა აღძრული.

​
XS
SM
MD
LG