ერევანში რესპუბლიკის მოედანზე ვითარება დაიძაბა. ოპოზიცია და დემონსტრანტები ფაშინიანის გადადგომას მოითხოვენ

პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომისა და მთიანი ყარაბაღიდან ხალხის ევაკუაციის მოთხოვნით ერევანში, მთავრობის შენობის წინ, მრავალი მოქალაქე შეიკრიბა

სომხეთის დედაქალაქ ერევანში მეორე დღეა, დაძაბული ვითარებაა. რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ცნობით, 21 სექტემბრის საღამოს პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომისა და მთიანი ყარაბაღიდან ხალხის ევაკუაციის მოთხოვნით, რესპუბლიკის მოედანზე, მთავრობის შენობის წინ, მრავალი მოქალაქე შეიკრიბა.

მანამდე დემონსტრანტებმა ერევნის რამდენიმე მთავარი ქუჩა გადაკეტეს.

სიტუაცია რაღაც მომენტში გამწვავდა, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლის შემდეგ, პოლიციამ მოქალაქეების დაკავება დაიწყო.

პოლიცია დემონსტრანტებისგან იცავს მთავრობის სახლის შესასვლელს

"ამ დროისთვის პოლიცია უხეშ და არაპროპორციულ ძალას იყენებს მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც ქუჩაში აქციებს მართავენ. დაკავებულია ასობით მოქალაქე", - წერს ოპოზიციური ფრაქცია „ჰაიასტანის“ წევრი იშხან საღათელიანი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

მანამდე, აქციის დროს, ოპოზიციამ გამოაცხადა საორგანიზაციო კომიტეტის შემადგენლობა. მასში შევიდნენ ოპოზიციური ფრაქციის, "მაქვს პატივის" ხელმძღვანელი ჰაიკ მამიჯანიანი, ერევნის მერობის კანდიდატი "დედა სომხეთის" ბლოკიდან ანდრანიკ თევანიანი, ინიციატივა "ჰაიაკვეს" კოორდინატორი ავეტიკ ჩალაბიანი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვაზგენ მანუკიანი და ფრაქცია „ჰაიასტანის“ წევრი იშხან საღათელიანი.

თევანიანმა ხალხს 22 სექტემბრის დილიდან ერევნის ქუჩების გადაკეტვისკენ მოუწოდა.

სომხეთში შიდაპოლიტიკური კრიზისი მას შემდეგ გამწვავდა, რაც 19 სექტემბერს აზერბაიჯანის მიერ მთიან ყარაბაღში დაწყებული "ლოკალური ხასიათის ანტიტერორისტული ღონისძიებების“ შედეგად, რეგიონის სომხური ხელმძღვანელობა დასთანხმდა ცეცხლის შეწყვეტას და მიიღო ბაქოს ულტიმატი, რომელიც რაიონში მყოფი სომხეთის შეიარაღებული ძალების და უკანონო ფორმირებების მიერ იარაღის დაყრას, საბრძოლო პოზიციების დატოვებას, ყარაბაღიდან სომხეთის არმიის ქვედანაყოფების გასვლასა და ადგილობრივი უკანონო ფორმირებების დაშლას ითვალისწინებდა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ყარაბაღში ჩატარებული ერთდღიანი „ანტიტერორისტული ღონისძიებების წარმატებით დასრულების“ შედეგად, 20 სექტემბერს აღდგენილად გამოაცხადა აზერბაიჯანის სუვერენიტეტი.

ასევე ნახეთ

პრეზიდენტმა ალიევმა აღდგენილად გამოაცხადა აზერბაიჯანის სუვერენიტეტი