უკრაინა ამერიკის შეერთებული შტატებისგან მიიღებს კიდევ 325 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გადაწყვეტილება გამოაცხადა 21 სექტემბერს, თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ.
პენტაგონის ინფორმაციით, დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს რაკეტებს AIM-9M საჰაერო თავდაცვისთვის, დამატებით საბრძოლო მასალებს მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებისთვის HIMARS, საჰაერო თავდაცვის სისტემებს Avenger, უპილოტო საფრენ აპარატებთან მებრძოლ ტყვიამფრქვევებს, 155 და 105-მილიმეტრიან საარტილერიო ჭურვებს, ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსებს Javelin და AT-4, 3 მილიონზე მეტ ტყვიას ცეცხლსასროლი იარაღისთვის და სხვა საბრძოლო მასალას და ტექნიკას.
21 სექტემბერს, თეთრ სახლში პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრისას, პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინა მომავალ კვირაში მიიღებს ამერიკული ტანკების M1 Abrams-ის პირველ პარტიას.
პენტაგონის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 21 სექტემბრის ჩათვლით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას გაუწია 43,9 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება.
ასევე ნახეთ თუ დახმარებას არ მივიღებთ, ომს წავაგებთ - უთქვამს ზელენსკის აშშ-შითეთრ სახლში შეხვედრისას აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინის პრეზიდენტს უთხრა, რომ მისი ადმინისტრაცია მზად არის იბრძოლოს უკრაინის გრძელვადიანი უსაფრთხოებისა და მუდმივი მშვიდობისთვის. ჯო ბაიდენის განცხადებით, ამერიკელი ხალხი და მთელი მსოფლიო უკრაინის გვერდითაა. ზელენსკიმ ბაიდენს მადლობა გადაუხადა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დახმარებისთვის, რომელიც უკრაინას რუსულ ტერორთან საბრძოლველად სჭირდება.
ვაშინგტონში ვიზიტისას უკრაინის პრეზიდენტმა შეხვედრები გამართა კონგრესშიც, რომელსაც უკრაინის დახმარების გაგრძელებისკენ მოუწოდა.
დემოკრატი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, მომავალ წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას უნდა გაუწიოს 24 მილიარდი დოლარის დახმარება, რასაც არაერთი რესპუბლიკელი ეწინააღმდეგება. დახმარების ახალი პაკეტი სენატმა და წარმომადგენელთა პალატამ უნდა დაამტკიცონ. წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობაში რესპუბლიკელები არიან.