გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას, აზერბაიჯანმა მიანიშნა გამარჯვებაზე მთიან ყარაბაღში, სომხეთმა კი საერთაშორისო დახმარება ითხოვა რეგიონის ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. პარალელურად, მიმდინარე კვირაში ბაქოს მიერ ჩატარებული სწრაფი სამხედრო ოპერაციის შემდეგ, რეგიონში გრძელდება ევაკუაციის და განიარაღების პროცესები.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გაეროში გამოსვლა გამოიყენა იმის სათქმელად, რომ ორმა პოსტსაბჭოთა მეტოქე ქვეყანამ ვითარება "მოაწესრიგა" და ახლა დადგა "ურთიერთნდობის" შენების დრო.
მთიან ყარაბაღში ერევნის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები აცხადებენ, რომ იცავენ რამდენიმე დღის წინ მიღწეულ შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტაზე, თუმცა კვლავ რჩება შეშფოთება ათიათასობით ეთნიკური სომხის უსაფრთხოებასა და დაჭრილთა ევაკუაციაზე.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი მიესალმა თავისი ქვეყნის მიერ 19-20 სექტემბერს მთიან ყარაბაღში წარმოებულ სამხედრო კამპანიას და განაცხადა, რომ ამით მიღწეულ იქნა "ანტიტერორისტული ზომების მიზნები".
რამდენიმე საათში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა აზერბაიჯანი დაადანაშაულა "ომის გზის" არჩევაში და საერთაშორისო პრინციპების უგულებელყოფაში.
მთიანი ყარაბაღი საერთაშორისოდ აღიარებულია აზერბაიჯანის ნაწილად, თუმცა 1990-იანი წლების სეპარატისტული ომის შემდეგ ის დე ფაქტო დამოუკიდებელი იყო. 2020 წელს აზერბაიჯანმა დაიბრუნა დიდი ნაწილი იმ ტერიტორიისა, რომელსაც 1990-იანი წლებიდან ეთნიკური სომხები ერევნის მხარდაჭერით აკონტროლებდნენ.