უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი: ღამით რუსეთმა დაბომბა 150-ზე მეტი დასახლება

საილუსტრაციო ფოტო: ივლისში უკრაინაში დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგები

უკრაინის არმიის გენერალური შტაბი იტყობინება, რომ 2 ოქტომბრის ღამით რუსეთმა უკრაინას დრონებით შეუტია და 150-ზე მეტი დასახლების მიმართულებით საარტილერიო ცეცხლი გახსნა.

გენერალური შტაბის ცნობით, დრონებით საარტილერიო შეტევა დონეცკის, ზაპოროჟიეს, ლუგანსკის, ხარკოვისა და ხერსონის რეგიონების მიმართულებებით განხორციელდა. სუმისა და ჩერნიგოვის რეგიონებში იყო სარაკეტო თავდასხმები.

რუსეთს დაბომბვაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, გაეროს მონაცემებით, 2023 წლის სექტემბრის ბოლოსთვის, საბრძოლო მოქმედებების შედეგად 9701 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 17 748 დაშავდა. ეს მონაცემები შესაძლოა, არასრული იყოს.