სამირა ბაირამოვას ბინის კარზე ჯვარი და რუსეთის დროშა დახატეს

სამირა ბაირამოვას ბინის კარი

სამოქალაქო აქტივისტის, სამირა ბაირამოვას საცხოვრებელი ბინის კარზე უცნობმა პირებმა ქრისტიანული რელიგიის სიმბოლო ჯვარი და რუსეთის დროშა დახატეს.

ინფორმაციას მარნეულელი აქტივისტი ფეისბუკის გვერდზე ავრცელებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირებისკენ მოუწოდებს:

„გულში ატარეთ ეს დროშა. მინიმუმ უკულტურობა და არაჰუმანურობაა რელიიგის ასეთი ფორმით დამცირება, თქვენთვის კი ეს მანიპულაციის იარაღია. მე ხელს არ მიშლის არც ერთი რელიგიური სიმბოლიკა“, - წერს სამირა ბაირამოვა სოციალურ ქსელში.

როგორც სამირა ბაირამოვა ეუბნება რადიო თავისუფლებას, ბინის კარსა და კედელზე გამოსახული ეს სიმბოლოები მან 4 ოქტომბერს, დილით ადრე, აღმოაჩინა:

„დაახლოებით შვიდი საათი იყო, სავარჯიშოდ გავდიოდი და კარზე და კედელზე დამხვდა ჯვარი და რუსული დროშა დახატული. სიმართლე გითხრათ, დედის ჯანმრთელობის პრობლემების გამო, იმის გამოც, რომ დღეს ჩემი დაბადების დღეა, არ მინდოდა კიდევ ხასიათის გაფუჭება და ვერ მივხვდი, რა უნდა გამეკეთებინა. ვიფიქრე, რომ წამეშალა და აღარ გამეხმაურებინა, რადგან ვიცოდი, რომ აზრი არ ჰქონდა ჩივილს. შემდეგ ჩემს მეგობარს მივწერე და მითხრა, აუცილებლად გაასაჯაროვე და მიმართე შსს-სო. ეს სიმბოლოები, სავარაუდოდ, გამთენიისას გააკეთეს, რადგან გვიან, ღამის 2 საათზე, დავიძინე და ზუსტად ვიცი, მაშინ არაფერი იყო“.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სამირა ბაირამოვა აგრესიულად განწყობილი ჯგუფების მხრიდან თავდასხმის ობიექტი ხდება. 2022 წელს, როდესაც აქტივისტმა მარნეულში პრორუსული პარტიის ოფისის გახსნა გააპროტესტა, მან მუქარის შემცველი არაერთი გზავნილი მიიღო.

ასევე ნახეთ

სამირა ბაირამოვა: „ალტ-ინფომ თავისი პირველი მუქარა შეასრულა“

მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე (მუქარის) მუხლით დაიწყო, თუმცა, როგორც სამირა ბაირამოვა ეუბნება რადიო თავისუფლებას, ამ საქმეზე დღემდე არ არიან გამოკითხული მოქალაქეები:

„ახლაც ამიტომ ვეღარ ვხედავდი შსს-სთვის მიმართვის აზრს. 15-მდე ადამიანზე მქონდა მაშინ საჩივარი შეტანილი და ერთი ადამიანიც არ არის სრულად გამოკითხული. შსს-მ თქვა, რომ სავარაუდო დამნაშავეების იდენტიფიკაცია ვერ მოვახდინეთო“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას სამირა ბაირამოვა.

4 ოქტომბერს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, რადიო თავისუფლება შინაგან საქმეთა სამინისტროსგან პასუხს ელოდება.