ციხეში პატიმარმა თავი მოიკლა - აგვისტოში მომხდარ შემთხვევაზე მხილებულია დაწესებულების ინსპექტორი

პენიტენციური დაწესებულება დაბა ქსანში

"ქსნის ციხეში" აგვისტოში პატიმარმა თავი მოიკლა - ამის შესახებ ცნობილი ხდება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადებით, რომელშიც წერია, რომ პატიმრის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე, სამსახურებრივი გულგრილობისთვის ამხილეს ამ დაწესებულების ინსპექტორ-კონტროლიორი.

"ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრი", რომელიც პენიტენციური სამსახურის №10 დაწესებულებაა, მცხეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ქსანში მდებარეობს.

შემთხვევა 2023 წლის 1 აგვისტოს მოხდა, თუმცა მედიასაშუალებებისთვის ცნობილი გახდა საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებული განცხადებით. პენიტენციური სამსახურის პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ამ თვითმკვლელობის ფაქტის შესახებ მათ ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ.

"ინსპექტორ-კონტროლიორმა, რომელსაც პატიმარ გ.გ.-ს სათანადო მეთვალყურეობა ევალებოდა, არაჯეროვნად შეასრულა სამსახურებრივი მოვალეობა და არ გადაამოწმა საკნის სააბაზანო ოთახში მყოფი მსჯავრდებული. ​პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის სამსახურებრივი გულგრილობის შედეგად უმეთვალყურეოდ დარჩენილმა პატიმარმა სააბაზანოში [...] სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა", - წერია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

პენიტენციური სამსახურის თანამშრომელს პროკურატურამ ბრალი სამსახურებრივი გულგრილობისთვის წარუდგინა, სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით. მას 2-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.