სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს შსს-ს მოქმედი თანამშრომლის, გოგა რაზმაძის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ და განმარტავს, თუ რატომ არ დაადგინა მის მიმართ შს სამინისტროს მაღალჩინოსნების მხრიდან განხორციელებული დისკრიმინაციის ფაქტი.
სახალხო დამცველის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სახალხო დამცველს წარუდგინა გოგა რაზმაძის მიერ მიწოდებული, დისკრიმინაციის შესაძლო გარემოებების გამაქარწყლებელი ყველა არგუმენტაცია.
„ამ საქმეში სახალხო დამცველის აპარატი დაეყრდნო იმავე მტკიცების სტანდარტს, რაც წლების განმავლობაში არაერთ სხვა საქმეში ყოფილა გამოყენებული. გადაწყვეტილებაში განიმარტა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელსაც ჰქონდა მტკიცების ტვირთი (და არა განმცხადებელს), დაემტკიცებინა შევიწროების ფაქტის არარსებობა, წარმოადგინა განმცხადებლის მიერ მოწოდებული თითოეული გარემოების გამაქარწყლებელი არგუმენტაცია.
საქმის განხილვისას, შესწავლილი იქნა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი და დისკრიმინაციის ფაქტის შესწავლის მიზნებისთვის საჭირო ყველა მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება და განხორციელდა კანონით გათვალისწინებული, საქმისთვის აუცილებელი და რელევანტური ღონისძიებები. გარდა ამისა, სახალხო დამცველის აპარატმა იმსჯელა დამატებითი ახსნა-განმარტებების მოძიებისა და მოწმეთა გამოკითხვის თაობაზე, თუმცა, აღნიშნულის საჭიროება არ გამოკვეთილა.
სახალხო დამცველი პატივს სცემს ნებისმიერი პირის გამოხატვის თავისუფლებას, მათ შორის, კრიტიკულ დამოკიდებულებას აპარატის საქმიანობის მიმართ, თუმცა, როგორც ობიექტური და მიუკერძოებელი კონსტიტუციური ორგანო, დამოუკიდებელია თავის შეფასებებში და გადაწყვეტილებებს მხოლოდ ფაქტების და შესაბამისი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე იღებს“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
რაც შეეხება მიღებული გადაწყვეტილების სრულად გასაჯაროების საკითხს, სახალხო დამცველი აცხადებს, რომ პატივს სცემს და იცავს განმცხადებლის პერსონალურ მონაცემებს და შესაბამისად, სრული ტექსტის გამოქვეყნება მიზანშეუწონლად მიაჩნია.
გოგა რაზმაძემ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტზე საქმის წარმოების დაწყების მოთხოვნით სახალხო დამცველის ოფისს 2023 წლის 26 ივნისს მიმართა და როგორც რადიო თავისუფლებას ეუბნება, ომბუდსმენს წარუდგინა მტკიცებულებების 318 გვერდი. თუმცა, მისი თქმით, მრავალგვერდიანი მტკიცებულებები, რომლებსაც ოქტომბრის მიწურულს დისკრიმინაციის დამადასტურებელი ახალი გარემოებების ამსახველი ინფორმაციაც დაამატა, არ აღმოჩნდა საკმარისი იმისათვის, რომ სახალხო დამცველს მის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი დაედგინა.
ასევე ნახეთ მომთხოვეს წამეშალა ლექსო ლაშქარავას შესახებ პოსტი - შსს-ს თანამშრომელი დეტალებზე ალაპარაკდაგოგა რაზმაძის სახელი და გვარი საზოგადოებისთვის გასულ ზაფხულში გახდა ცნობილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის მოქმედმა თანამშრომელმა 2023 წლის 12 ივლისის ღამეს სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ღიად ამხილა როგორც ზოგადად სისტემაში, ისე ადამიანის უფლებათა დეპარტამენტში არსებული პრობლემები. ამ პოსტში დაწერა მან სამინისტროს მაღალჩინოსნების მხრიდან, მათ შორის, გენერალურ ინსპექციაში მის მიმართ გამოვლენილ დამამცირებელ მოპყრობაზე, დაადანაშაულა უწყება აზრის გამოხატვის შეზღუდვაში და არ გამორიცხა, რომ უახლოეს პერიოდში, ე.წ. რეორგანიზაციის საბაბით, დეპარტამენტის ხელმძღვანელები სამსახურიდან დაითხოვდნენ მათთვის არასასურველ თანამშრომლებს.
ასევე ნახეთ როგორ ამხილა მოქმედმა თანამშრომელმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებიეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედმა თანამშრომელმა ხმამაღლა ილაპარაკა უწყებაში არსებულ პრობლემებზე და არ მოერიდა არც იმ მაღალჩინოსნების დასახელებას, რომლებსაც, მისი თქმით, წვლილი მიუძღვით ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის ფუნქციების შეზღუდვასა და თანამშრომლებისთვის დაწესებულ ცენზურაში - ამ მაღალჩინოსნებს შორის იყო შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე.