ოპერის თანამშრომლები გაფიცვას აგრძელებენ

გაფიცული თანამშრომლები ოპერის თეატრის წინ

დღეს, 6 ნოემბერს მეოთხე დღეა, რაც ოპერისა და ბალეტის თეატრის ტექნიკური პერსონალი გაფიცულია. მოთხოვნა უცვლელია, ხელფასების გაზრდა.

დავით ომსარაშვილი, პროფკავშირის ადვოკატი, ამბობს, რომ პერსონალს, რომელიც სპექტაკლებისთვის სცენას აწყობს, ანათებს და სხვა სამუშაოებს ასრულებს, წლებია ხელფასი არ გაზრდია და მათი ანაზღაურება დაახლოებით 500 ლარია. თანამშრომლები ითხოვენ, მათი ანაზღაურება გაორმაგდეს.

ასევე ნახეთ "გაუსაძლისი გახდა მუშაობა" - ოპერის თეატრის ტექნიკური პერსონალი გაიფიცა

"არაფერი სიახლე არ არის. დღეს არის გაფიცვის მე-4 დღე... ხელფასების 35-40 პროცენტით ზრდა არ არის მისაღები გაფიცული თანამშრომლებისთვის", - ეუბნება პროფკავშირების ადვოკატი რადიო თავისუფლებას.

თანამშრომლებმა გაფიცვა 3 ნოემბერს დაიწყეს, მას შემდეგ, რაც უშედეგოდ გავიდა მედიაციისთვის გამოყოფილი 21 დღე. თანამშრომელთა გაფიცვის დაწყებას რამდენიმე საათის შემდეგ განცხადებით უპასუხა ოპერისა და ბალეტის თეატრმა. თეატრი მზად არის, რომ მომავალი წლის 1 იანვრიდან ხელფასები 35-40 პროცენტით გაზარდოს.

"სამწუხაროდ, შრომის ანაზღაურების ზემოაღნიშნული პროცენტული ზრდა თეატრის სცენის სამსახურში დასაქმებული პირებისათვის არ აღმოჩნდა მისაღები, რის გამოც, მოცემული ტექნიკური პერსონალის ერთმა ნაწილმა [გაფიცვის გადაწყვეტილება მიიღო]", - ეწერა 3 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში.

თეატრი აღნიშნავდა, რომ "გაფიცულ თანამშრომელთა მიმდინარე ყოველთვიური შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობა შეადგენს 650 ლარს, მაქსიმალური - 1100 ლარს". ამ განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული, ეს არის "ხელზე ასაღები" თანხა, თუ აკლდება გადასახადები.

„ღირსეული შრომის პლატფორმამ“ 4 ნოემბერს განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ სოლიდარობას და მხარდაჭრას უცხადებენ თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სადადგმო ნაწილის თანამშრომლების გაფიცვას.

ასევე ნახეთ „ღირსეული შრომის პლატფორმა“ მხარს უჭერს ოპერის თეატრის ტექნიკური პერსონალის გაფიცვას