დღეს, 4 მარტს დილით, აფეთქება მოხდა რუსეთის სამარის ოლქის ქალაქ ჩაპაევსკთან მდებარე სარკინიგზო ხიდზე. მატარებლების მიმოსვლა შეჩერებულია.
რუსეთის სახელმწიფო სააგენტოები „კუიბიშევის რკინიგზის“ პრესსამსახურზე დაყრდნობით წერენ, რომ „მიმოსვლა შეაფერხა სარკინიგზო ტრანსპორტის მუშაობაში გარეშე პირების უკანონო ჩარევამ“. კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „ტასის“ თანახმად, წინასწარი მონაცემებით, დაზიანებულია ხიდის საყრდენი კონსტრუქციები.
ხიდის „მწყობრიდან გამოყვანა“ დაადასტურა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ, რომელსაც აფეთქებაზე პირდაპირი პასუხისმგებლობა არ აუღია. მისი განცხადებით, აგრესორი სახელმწიფო რკინიგზის ამ ხაზს იყენებდა სამხედრო ტვირთების, კერძოდ, ქალაქ ჩაპაევსკის ქარხანა „პოლიმერში“ დამზადებული საინჟინრო საბრძოლო მასალების ტრანსპორტირებისთვის. უკრაინის სამხედრო დაზვერვის თანახმად, ხიდის დაზიანებების გათვალისწინებით, მას დიდხანს ვერ გამოიყენებენ.