პრეზიდენტი „აგენტების კანონზე“ სასაუბროდ ელჩებს შეხვდა

შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში

ორბელიანის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლებს ე.წ. აგენტების კანონზე სასაუბროდ შეხვდა. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას და ფოტოსურათებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ორბელიანის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლებს ე.წ. აგენტების კანონზე სასაუბროდ შეხვდა. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას და ფოტოსურათებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„კანონპროექტზე საუბრისას საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქართველმა ხალხმა ერთხელ უკვე უთხრა უარი რუსულ კანონს და ახლაც პასუხი მხოლოდ ერთია - ეს არჩევნებით ჩვენი ევროპული სათქმელის თქმაა!..

საქართველოს ევროპულ გზასა და ევროკავშირში ინტეგრაციას ალტერნატივა არ გააჩნია, ეს ქართველი ხალხის ურყევი გადაწყვეტილებაა და მას ამ გზიდან ვერაფერი გადაახვევინებს“, - წერია პრეზიდენტის ადმინისტრაციის გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღეს, 8 აპრილს, პარლამენტის ბიურომ მსვლელობა მისცა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ხელახლა ინიციირებულ კანონპროექტს, რომელიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან დაფინანსებულ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებად დარეგისტრირებას" დაავალდებულებს.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ამბობს, რომ ე.წ. აგენტების კანონის მიღების შემთხვევაში მას პრეზიდენტი ვეტოს დაადებს.

ასევე ნახეთ ე.წ. აგენტების კანონის განხილვა 12 აპრილს დაიწყება
ასევე ნახეთ 400-ზე მეტი NGO და მედიასაშუალება: ე.წ. აგენტების კანონის მიღება შეუძლებელს გახდის ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნას

„ქართულმა ოცნებამ“ მიმდინარე წლის 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია.

2024 წლის 3 აპრილს ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ კანონის გაწვევის მიუხედავად, არასამთავრობო ორგანიზაციების „ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე და მათ რადიკალურ პოლიტიკურ დღის წესრიგზე დღემდე არცერთ მათ დამფინანსებელს არ აუღია პასუხისმგებლობა“.

როგორც მდინარაძემ განაცხადა, ახალი კანონპროექტის ტექსტი ძველის ანალოგიური იქნება, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ კი შეიცვლება „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით“.

დეპუტატის თქმით, კანონს საგაზაფხულო სესიის ბოლომდე - ივნისის ბოლო პარასკევამდე [28 ივნისი] - მიიღებენ.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.

ასევე ნახეთ პრეზიდენტი: „ოცნებამ“ თავისი განაცხადი ძალიან მკაფიოდ გააკეთა - ევროპას უთხრა „არა“!..