რუსეთის სამხრეთში მდებარე, უკრაინის მოსაზღვრე ბელგოროდის რეგიონის გუბერნატორი 2 ივნისს აცხადებს, რომ კოროჩანსკის ოლქში საბრძოლო მასალების "დეტონაციის" შედეგად დაიღუპა რეგიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე იგორ ნეჩიპორენკო და კიდევ სამი ადგილობრივი ოფიციალური პირი მსუბუქად დაიჭრა. გუბერნატორი ამ ინციდენტის შესახებ დეტალებს არ აკონკრეტებს.
ბელგოროდის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი ტელეგრამით ასევე წერს, რომ შებეკინოში, რომელიც დაახლოებით ექვსი კილომეტრითაა დაშორებული უკრაინის საზღვრიდან, ექვსი სამოქალაქო პირი დაშავდა, უმეტესობა - ავტობუსით მგზავრობისას. რადიო თავისუფლება ამ ცნობის დამოუკიდებლად გადამოწმებას ვერ ახერხებს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ღამის განმავლობაში ბელგოროდის და მეზობელი კურსკის რეგიონის თავზე ჩამოაგდეს უკრაინის ორი დრონი, კიდევ ერთი - აზოვის ზღვის თავზე.
ბოლო თვეებში ბელგოროდი და მისი მოსაზღვრე რეგიონები თითქმის ყოველდღიურად ხდება სროლის და დრონებით განხორციელებული შეტევების სამიზნე, რაშიც რუსეთი უკრაინას ადანაშაულებს.
ასევე ნახეთ უკრაინა ადასტურებს, რომ აშშ-ისგან მიიღო ნებართვა, დაარტყას რუსეთის სამიზნეებს მისსავე ტერიტორიაზე