კალაძის თქმით, გმირთა მოედანზე შუქნიშნები დამონტაჟდება

თბილისი, გმირთა მოედანი

თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ დედაქალაქში, გმირთა მოედანზე შუქნიშნები დამონტაჟდება და "ზებრა" გადასასვლელები დაიხაზება. ამის შესახებ მან მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ გზა გაფართოვდება „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც რამდენიმე ბენზინგასამართი სადგური აიღეს. ამ მონაკვეთზე დღის თითქმის ყველა მონაკვეთში საცობია.

ასევე ნახეთ როგორ შეაფასეს "ვისოლის", "ლუკოილისა" და "გალფის" ავტოსადგურების ქონება "ლაგუნა ვერესთან"

„პროექტი მოგვცემს შესაძლებლობას, რომ დღეს არსებული ვითარება, რაც გადაადგილების თვალსაზრისით გვაქვს, მოგვარდეს და ამ კვანძზე მოძრაობა შედარებით თავისუფალი იყოს. პროექტი დაახლოებით ორ თვეში დასრულდება. დღის განმავლობაში ჩვენ მუშაობას ფიზიკურად ვერ მოვახერხებთ. ამიტომ სამუშაოების შესრულება ძირითადად ღამის საათებში მოგვიწევს“, - თქვა კახა კალაძემ.

გმირთა მოედანი დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი სატრანსპორტო კვანძია. ამ ადგილის გავლა უწევთ ვაკისკენ, საბურთალოსკენ, ვერისა და სანაპიროებისკენ მიმავალ მძღოლებს, ქვეითებისთვის მოწყობილი მიწისქვეშა გადასავლელები კი ხშირად დაბინძურებულია.

ასევე ნახეთ როგორ გადაწყვიტა ცათამბჯენებმა გმირთა მოედანზე ბენზინგასამართი სადგურების ბედი
ასევე ნახეთ 65-სართულიანი ცათამბჯენები თბილისის ცენტრში - მისცემენ თუ არა ივანიშვილის „ქართუს“ მშენებლობის უფლებას?