ვინიცაში რუსული დრონებით დარტყმა იყო პოლონური კომპანიის ქარხანაზე

უკრაინის ქალაქ ვინიცაზე რუსული დრონებით მასირებული შეტევა 16 ივლისს იყო

უკრაინის ქალაქ ვინიცაზე რუსული დრონებით დღევანდელი შეტევის ერთ-ერთი სამიზნე პოლონური კომპანიის, Barlinek-ის ქარხანა იყო. ეს კომპანია ხის იატაკს აწარმოებს.

ვინიცაში მდებარე ქარხანაზე დრონებით დარტყმის შესახებ ცნობილი გახდა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ რადოსლავ შიკორსკის მიერ სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებული პოსტიდან.

მინისტრის ინფორმაციით, ქარხნის ხელმძღვანელმა უამბო, რომ საწარმოზე განზრახ შეტევა იყო სამი მიმართულებიდან. არიან დაშავებულები, მათ შორის ორს ძლიერი დამწვრობა აქვს.

„პუტინის დანაშაულებრივი ომი ჩვენს საზღვრებს უახლოვდება“, - წერს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

16 ივლისს, შუაღამის შემდეგ რუსეთის ჯარებმა მასირებული შეტევა მიიტანეს უკრაინის ქალაქებზე ვინიცაზე, კრივოი-როგსა და ხარკოვზე.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ქალაქ ვინიცაში ჰოსპიტალიზებულია 8 დაშავებული. დრონებით დარტყმა იყო ორ სამოქალაქო საწარმოზე, სადაც მასშტაბური ხანძრები გაჩნდა.

საგანგებო სიტუაციების სამსახურს კონკრეტული საწარმოები არ დაუსახელებია.

ასევე ნახეთ ტრამპი: უკრაინისთვის Patriot-ები უკვე გაიგზავნა