გამოძიება ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე თბილისში სავარაუდოდ კიდევ ერთ კომპანიაში შევიდა

საილუსტრაციო ფოტო - არ ასახავს საქართველოში მოქმედ არც ერთ ქოლცენტრის ოფისის შიდა სივრცეს

რამდენიმე მედიასაშუალება იუწყება თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მდებარე კომპანია "სტარ აიტის" ოფისში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესვლის შესახებ.

კომპანიაში ჩხრეკა და სხვა საგამოძიებო მოქმედებები სავარაუდოდ ე.წ. ქოლცენტრებთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ამ ოპერაციის შესახებ კომენტარს არ აკეთებენ, არც ფაქტს ადასტურებენ ან უარყოფენ.

როგორც ადგილობრივები ჟურნალისტებს უყვებიან, ამ კომპანიაში, სადაც ძირითადად რუსულენოვანი ადამიანები მუშაობენ, ადრეც არაერთხელ ყოფილან მისული გამომძიებლები.

ასევე ნახეთ ქოლცენტრები, შავი ფული და "ქართული ოცნება" - აშშ-ის ბრალდებები

სტარ აიტის ვებ-საიტის მიხედვით, ამ კომპანიას ასზე მეტი თანამშრომელი და 500-ზე მეტი ყმაყოფილი მომხმარებელი ჰყავს. ტექნოლოგიის სექტორში მომუშავე ორგანიზაციას თბილისის გარდა ოფისები აქვს შეერთებულ შტატებსა და პორტუგალიაში.

საჯარო რეესტრის მიხედვით, შპს აი თი სთარს ლიმიტედ 2018 წელს დარეგისტრირდა საქართველოში და მისი 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი რუსეთის მოქალაქე ანდრეი კომაროვია.

ასევე ნახეთ პაპაშვილი ასახელებს კომპანიებს, რომლებითაც ფინანსური პოლიცია ე.წ. "ქოლცენტების საქმეზე" გამოძიების ფარგლებში დაინტერესდა
ასევე ნახეთ უცხოელების თაღლითური ძარცვა თბილისიდან - გამომძიებელი ჟურნალისტები 23 გვარს ასახელებენ