„ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ

„ქართული ოცნების“ ლიდერები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე

„ქართული ოცნება“ 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყების თარიღად 8 აგვისტოს მიიჩნევს. დღეს, ამ დღიდან 17 წლის შემდეგ, ამ პარტიის ლიდერები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ. მათ ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

„ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს ყურადღება გაამახვილა აგვისტოს ომში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე, თუმცა ნაკლებად ისაუბრა რუსეთის როლზე.

„8 აგვისტო არის ტრაგიკული თარიღი, ეს იყო უმძიმესი ავანტიურა, ღალატი, რომელიც ჩაიდინა მაშინდელმა ხელისუფლებამ. ეს დღე შეგვახსენებს, რომ აუცილებელია ქვეყანას მართავდეს სუვერენული ხელისუფლება. ისეთი ხელისუფლება, რომელიც მოქმედებს საკუთარი ინტერესებით და არა გარე ძალების“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.

ასევე ნახეთ ირაკლი კობახიძე: 2008 წელს ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა

7 აგვისტოს 17 წელი შესრულდა რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან.

ხუთდღიანმა ომმა საქართველოს 400-ზე მეტი მოქალაქის - სამხედრო და სამოქალაქო პირების სიცოცხლე იმსხვერპლა და 30 000-მდე დევნილად აქცია.

რუსეთის მიერ ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიის 20% - აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა საქართველოს ორი ტერიტორია, ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი.

ასევე ნახეთ სტრასბურგის სასამართლომ აგვისტოს ომის საქმეზე რუსეთს საქართველოსთვის 130 მლნ ევროს გადახდა დააკისრა

„ქართული ოცნების" ხელისუფლება ომის დაწყების დღედ 2008 წლის 8 აგვისტოს მიიჩნევს. ის ომის დაწყებაში „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებას ადანაშაულებს და საგამოძიებო კომისიაც შექმნა.

აგვისტოს ომის კონტექსტში ბოდიშის მოხდის საკითხზე 2024 წლის 14 სექტემბერს „ქართული ოცნების“ საარჩევნო შეხვედრაზე, გორში ისაუბრა პარტიის დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა. მან იმ დღეს კიდევ ერთხელ დაადანაშაულა წინამორბედი ხელისუფლება „ომის გაჩაღებაში“, მის ლიდერებს გასამართლებით დაემუქრა და ბოდიშის მოხდის პირობა დადო:

„26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები“.

ასევე ნახეთ ივანიშვილის ბოდიში - რას ნიშნავს, ვისკენ მიემართება, რას ცვლის ეს ინიციატივა
ასევე ნახეთ ივანიშვილის მობოდიშების მზაობას მოსკოვი აქებს

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლას გორში, მაშინ სოციალურ ქსელში გამოეხმაურნენ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები. ამ განცხადების გამო მათ გააკრიტიკეს ხელისუფლებაში მყოფი მმართველი პარტია და მისი ლიდერი.

ასევე ნახეთ რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ სამხედროთა ოჯახები ივანიშვილის ბოდიშის მზადყოფნას ეხმაურებიან