რუსეთის ქალაქ კურსკზე დრონებით შეტევა იყო, ხელისუფლება მსხვერპლის შესახებ იუწყება

სახლი ქალაქ კურსკში, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, 15 აგვისტოს უკრაინული დრონი მოხვდა

რუსეთის ქალაქ კურსკზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევისას 1 ადამიანი დაიღუპა და 17 დაიჭრა. ამის შესახებ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა და საქმე „ტერაქტის“ მუხლით აღძრა.

რეგიონის ხელისუფლების თანახმად, დღეს, 15 აგვისტოს ქალაქ კურსკის ჟელეზნოდოროჟნის რაიონში მდებარე სახლს უკრაინული დრონი მოხვდა, რის შედეგადაც ხანძარმა მოიცვა ოთხი ზედა სართული, აფეთქების ტალღამ კი მეზობელი სახლების და სკოლის ფანჯრები ჩაამსხვრია.

ასევე ნახეთ უკრაინაში ახალ პიკს მიაღწია დაღუპული და დაჭრილი მშვიდობიანი მოქალაქეების რიცხვმა

კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის, ალექსანდრ ხინშტეინის ინფორმაციით, დაღუპულია 45 წლის ქალი, დაჭრილებს შორის კი ერთი ბავშვია.

უკრაინას კურსკის საცხოვრებელ კორპუსზე დრონით დარტყმის შესახებ გავრცელებულ ცნობებზე კომენტარი არ გაუკეთებია.

ასევე ნახეთ უკრაინამ დაადასტურა დარტყმა სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე