კობახიძე კომენტარს არ აკეთებს ღარიბაშვილის შესახებ: ადამიანური ურთიერთობები მნიშვნელოვანია

ფოტო არქივიდან: ირაკლი კობახიძე და ირაკლი ღარიბაშვილი

„ქართული ოცნების“ მთავრობის მოქმედი პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე არ აკეთებს კომენტარს თავისი წინამორბედის, ირაკლი ღარიბაშვილის სავარაუდო კორუფციაში მონაწილეობის შესახებ. ჟურნალისტებს, რომლებიც კითხვებს უსვამდნენ, მან უპასუხა, რომ ადამიანური ურთიერთობები მნიშვნელოვანია.

„მე ამ თემასთან დაკავშირებით არ ვაკეთებ არავითარ კომენტარს. ადამიანურად ძალიან დასანანია, რა თქმა უნდა, ის, რაც ხდება. ზოგადად, ადამიანურ ურთიერთობებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ ყველანაირი კომენტარის გაკეთებას მოვერიდები.

[სახელმწიფოს რა პასუხი აქვს] ეგ თუ გაინტერესებთ, მიმართეთ შესაბამის უწყებებს... არ ვაპირებ გარკვეულ კითხვებზე პასუხის გაცემას...“ - თქვა კობახიძემ ღარიბაშვილზე საუბრისას.

გუშინ, 22 ოქტომბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა ემზარ გაგნიძემ თქვა, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და უკანონო შემოსავლების მიღება აღიარა.

„მომდევნო დღეების განმავლობაში გამოძიება არსებული და დამატებით მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე იმსჯელებს მის მიმართ როგორც მისი ქმედების დაკვალიფიცირების, ასევე მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შერჩევის საკითხზე, რაც ასევე ეცნობება საზოგადოებას“, - თქვეს სუსში.

ასევე ნახეთ სუსი: ირაკლი ღარიბაშვილმა უკანონო შემოსავლების მიღება აღიარა

უკანონო შემოსავლებთან კავშირში ირაკლი ღარიბაშვილი რამდენიმე დღის წინ დასახელდა.

17 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ სამი ყოფილი მაღალჩინოსნის - ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილისა და ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის - საცხოვრებელი ბინები გაჩხრიკეს. გამომძიებლებმა ამოიღეს „სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობები, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა“.

ასევე ნახეთ გაჩხრიკეს ღარიბაშვილის, ლილუაშვილისა და ფარცხალაძის სახლები

მეორე დღეს, 18 ოქტომბერს კი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ სხვადასხვა ადგილიდან ამოღებულია ნაღდი ფული, საერთო ჯამში 7 002 200 აშშ დოლარისა და 136 000 ლარის ოდენობით, 198 ერთეული ძვირფასი ნაკეთობა და საათი, ძვირადღირებული ნახატები, ათასობით გვერდი დოკუმენტაცია, 50 მობილური ტელეფონი და 119 ელექტრომოწყობილობა.

ასევე ნახეთ ამოღებულია 7 მილიონი დოლარი, ძვირფასი ნივთები, ნახატები... - სუსი ღარიბაშვილის და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების სახლების ჩხრეკაზე

ყოფილი მაღალჩინოსნების (ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის) დაკავების შემდეგ მედია მუდმივად სვამდა კითხვებს, მიდიოდა თუ არა კვალი ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და სუსის ყოფილ ხელმძღვანელთან, გრიგოლ ლილუაშვილთან. ამაზე „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პასუხს არ სცემდა.

ასევე ნახეთ დარწმუნებული ვარ, ესაა ჩემი რწმენა, არ იქნება - კობახიძე ღარიბაშვილის მიმართ გამოძიების დაწყებაზე დასმულ შეკითხვაზე
ასევე ნახეთ სუსმა დააკავა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძეც