"ნაციონალური მოძრაობა" "ქართული ოცნების" წინააღმდეგ საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესს იწყებს

ლევან ბეჟაშვილი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესს იწყებს. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა დღეს, 10 ნოემბერს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი სიტყვებით, იგეგმება „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელების შეტანა რამდენიმე ეტაპად. პირველ ეტაპზე გასაჩივრდება საგამოძიებო კომისიის (წულუკიანის კომისიის) დასკვნა. ბეჟაშვილის სიტყვებით, სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე შეიტანეს.

მისი განმარტებით, მეორე ეტაპზე გასაჩივრდება ის კანონები, რომლებითაც ხელისუფლება პარტიებს აუქმებს.

„მესამე ეტაპი არის საკუთრივ „ქართული ოცნების“ სარჩელთან დაკავშირებით. პარტიაში იყო განსხვავებული აზრები, რამდენად ღირდა სამართალწარმოების დაწყება და „ქართულ ოცნებასთან“ ამ პოლემიკაში შესვლა. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების და საერთაშორისო იურიდიული საზოგადოების კონსულტაციების საფუძველზე მართებულად ჩაითვალა, რომ ამ ეტაპზე მოხდეს ჩვენი მხრიდან იმ არგუმენტების წარდგენა", - თქვა ლევან ბეჟაშვილმა.

მისი განმარტებით, ამ პროცესს ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა სტრასბურგის სასამართლოში შემდგომი სამართალწარმოების განხორციელების ეტაპზე.

„ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოს 31 ოქტომბერს მიმართა. პარტია მოითხოვს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციურ პარტიებს შორის სამი საუკეთესო შედეგის მქონე პარტიის გაუქმებას („ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ლელო - ძლიერი საქართველო“).

ასევე ნახეთ პარტიების აკრძალვის სარჩელს განიხილავს მოსამართლე, რომელიც 2008-09 წლებში მთავარი პროკურორის მოადგილე იყო


"ქართული ოცნების" მიერ პარტიებისა და კონკრეტული პირებისთვის პოლიტიკური საქმიანობის ამკრძალავ კანონებთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სარჩელი აქვს შეტანილი პარტიას, "ძლიერი საქართველო ლელო".


ასევე ნახეთ "ლელო - ძლიერმა საქართველომ“ საკონსტიტუციო სარჩელი შეიტანა პარტიების ასაკრძალ კანონზე