დღეს მოსკოვში გაიმართება პუტინის და ორბანის შეხვედრა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს კრემლში უმასპინძლა 2024 წლის 5 ივლისსაც

დღეს, 28 ნოემბერს მოსკოვში გაიმართება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის შეხვედრა.

ინფორმაცია, რომ დღეს მოსკოვში მიემგზავრება, სოციალური ქსელებით ჯერ ორბანმა გაავრცელა. მოგვიანებით, კრემლის პრესმდივანმა პესკოვმა დაადასტურა, რომ პუტინის და ორბანის შეხვედრა დღეს შედგება.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მისი ვიზიტის მთავარი მიზანია უნგრეთის ენერგეტიკული უსაფრთხოება და ზამთარში მომარაგების უზრუნველყოფა.

ორბანის თანახმად, პუტინთან განიხილავს უკრაინაში მშვიდობის მიღწევის ინიციატივასაც.

ასევე ნახეთ პუტინი: ბრძოლა შეწყდება, როცა უკრაინის შეიარაღებული ძალები დონბასს დატოვებენ
ასევე ნახეთ ერმაკი: უკრაინა არ დათმობს ტერიტორიებს მშვიდობის სანაცვლოდ

უკრაინაში ომის დასასრულებლად ამჟამად განხილვის საგანია შეერთებული შტატების მიერ შეთავაზებული გეგმა, რომლის თავდაპირველი ვარიანტი ძირითადად, რუსეთის მოთხოვნებს ასახავდა, მათ შორის უკრაინის მიერ ტერიტორიების დათმობას.

23 ნოემბერს, ჟენევაში ამერიკა-უკრაინის მოლაპარაკების შემდეგ მხარეებმა განაცხადეს, რომ მოამზადეს სამშვიდობო დოკუმენტის განახლებული და დაზუსტებული ჩარჩო.

საკუთარი პროექტი მოამზადეს უკრაინის ევროპელმა მოკავშირეებმაც.

ასევე ნახეთ სამშვიდობო ჩარჩო უკრაინისთვის - რით განსხვავდება შეთანხმების ამერიკული და ევროპული პროექტები, რა სურს მოსკოვს და რას ელის ტრამპი?
ასევე ნახეთ Bloomberg: უიტკოფმა რუსეთს ურჩია, როგორ მიეწოდებინა ტრამპისთვის გეგმა უკრაინის შესახებ

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ უნგრეთმა, ევროკავშირის სახელმწიფოების უმრავლესობისგან განსხვავებით, უარი თქვა უკრაინის სამხედრო დახმარებაზე, ხშირად აფერხებდა რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების მიღებას და არ შეწყვიტა რუსული ნავთობისა და გაზის შეძენა, რასაც საკუთარი მოსახლეობის ინტერესებით ხსნის.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა კარგი ურთიერთობები შეინარჩუნა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან.

პუტინმა ორბანს კრემლში უმასპინძლა 2024 წლის ივლისშიც.

ვიქტორ ორბანს კარგი ურთიერთობები აქვს შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპთანაც. უნგრეთში იყო დაგეგმილი ტრამპის და პუტინის შეხვედრა, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა ოქტომბერში გააუქმა.

ასევე ნახეთ ტრამპმა ორბანს უთხრა, რომ პუტინთან სამიტი გაუქმდა უკრაინაში ომის გაგრძელების გამო

2025 წლის ნოემბრის დასაწყისში დონალდ ტრამპმა ვიქტორ ორბანი თეთრ სახლში მიიღო.

მათი მოლაპარაკების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ შეერთებულმა შტატებმა უნგრეთი დროებით გაათავისუფლა ე.წ. მეორადი სანქციისგან, რომელიც რუსული ნავთობის შეძენის შემთხვევაში მოქმედებს.