ლონდონი აპირებს კიევს გადასცეს 8 მლრდ გირვანქა სტერლინგის გაყინული რუსული აქტივები

დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო დროშა ბიგ ბენის საათის წინ. ლონდონი, 30 იანვარი, 2020.

დიდი ბრიტანეთის მთავრობა გეგმავს, უკრაინას გადასცეს რვა მილიარდი გირვანქა სტერლინგის ოდენობის რუსული აქტივები, რომლებიც უკრაინაში 2022 წელს ომის დაწყების შემდეგ არის გაყინული, იუწყება The Times. ბრიტანეთის მთავრობის წყაროს ცნობით, თანხების განბლოკვისა და კიევში გადარიცხვის ზუსტი მექანიზმი ჯერ არ არის შეთანხმებული.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ივეტ კუპერმა მხარი დაუჭირა გაყინული თანხების გამოყენების იდეას. მინისტრის თქმით, უკრაინის „მნიშვნელოვანმა დაფინანსებამ“ შეიძლება მოლაპარაკებებისკენ უბიძგოს რუსეთს.

უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ დასავლეთის ქვეყნებში გაიყინა რუსეთის ცენტრალური ბანკის დაახლოებით 260 მილიარდი ევროს ღირებულების აქტივები. ამ თანხების უმეტესობა - დაახლოებით 193 მილიარდი ევრო - ინახება ბელგიაში, Euroclear-ის დეპოზიტარში. ევროპის ქვეყნები თითქმის ოთხი წლის განმავლობაში განიხილავდნენ ამ თანხების უკრაინის დასახმარებლად გამოყენების შესაძლებლობას.

ბოლო კვირების განმავლობაში ევროპაში ასევე განიხილება კიევისთვის 140 მილიარდი დოლარის „სარეპარაციო სესხის“ იდეა, რომელიც რუსული აქტივებით უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ბელგია, რომელიც თანხების ძირითად ნაწილს ფლობს, კატეგორიულად ეწინააღმდეგება ამას, რადგან ეშინია რუსეთის მხრიდან შესაძლო სამართლებრივი პრეტენზიებისა.

არც ევროპის ცენტრალური ბანკი არ არის მზად ასეთი „სარეპარაციო სესხის“ დაზღვევისთვის.

ასევე ნახეთ მერცი ბრიუსელშია უკრაინისთვის რეპარაციების სესხის გადასარჩენად: რა ხდება?