12 მანდატით - გახარიას პარტიას სურს, რომ ქიმიური ჭავლის ამბავი სადავო პარლამენტშიც გამოიძიონ

2024 წლის 29 ნოემბრის აქციის დაშლა - საილუსტრაციო ფოტო

"სწრაფად უნდა დადგინდეს, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა დემონსტრანტების წინააღმდეგ მომწამვლელი ქიმიური ნივთიერების გამოყენებისთვის"; "დრო არ ითმენს" - BBC-ის ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ, „ქართული ოცნების“ ყოფილი პრემიერის პარტია სადავო პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

გახარიას პარტიაში აცხადებდნენ, რომ „ქართული ოცნების“ „პანიკა და ისტერიკა” ამძაფრებდა მათ ეჭვებს "ბრალეულობის შესახებ”. ცალკეული წევრები მიუთითებდნენ ასევე - “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრის - ირაკლი კობახიძისა და შს ყოფილი მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განსაკუთრებული პასუხისმგებლობის შესახებ.

10-მდე ქვეყნის მიერ სანქცირებული გომელაური შს მინისტრი იყო 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერშიც, როდესაც, BBC-ის ვარაუდით, ათიათასობით მომიტინგის წინააღმდეგ ძლიერ ტოქსიკური ნივთიერება Bromobenzyl cyanide (CA), იგივე camite გამოიყენეს. ამ ინფორმაციას "ქართული ოცნების" ხელისუფლება თავიდანვე უარყოფდა.

რამდენად რეალისტურია პარტია "საქართველოსთვის" მცდელობა შექმნას კომისია სადავო პარლამენტში, სადაც არცერთი სხვა ოპოზიციური პარტია არ შესულა და რომლის საგამოძიებო კომისიაზე ["წულუკიანის კომისია"] არმისვლის გამო ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ციხეში მოხვდნენ; კომისიის დასკვნის საფუძველზე - მათ პარტიებს გაუქმებას უპირებენ; ხოლო კომისიის სხდომაზე 2-ჯერ გამოკითხვის შემდეგ, გამოძიება დაიწყეს და პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს თავად გახარიას, რომელმაც ქვეყანა მანამდე დატოვა.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისა და მათი მოკავშირეების წინასწარი განცხადებები ცხადყოფს, რომ გახარიას პარტიის ინიციატივას მხარდაჭერა არ ექნება.

6 დეკემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა "კამიტის“ გამოყენების გამოგონილ ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებები" ამოწურულად გამოაცხადა და თქვა, რომ "გრძელდება გამოძიება იმ შესაძლო დანაშაულის შესახებ, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს".

სუსში გამართული საგანგებო ბრიფინგის შემდეგ, პარტიაში "საქართველოსთვის" რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მათი ეჭვები უფრო დასტურდება და ახლა კიდევ უფრო მნიშვნელოვნად თვლიან კომისიის შექმნას - საეჭვო გარემოებების დასადგენად.

ასევე ნახეთ სუსის განცხადებით, აქციებზე Chlorobenzylidenemalononitrile გამოიყენეს

პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად გახარიას პარტიას კიდევ 38 ხმა დასჭირდება

გიორგი გახარიას თანაგუნდელების ფრაქციამ საგამოძიებო კომისიის შექმნის დადგენილების პროექტი, სადავო პარლამენტში, 5 დეკემბერს დაარეგისტრირა. ახლა მომავალი კვირის ორშაბათს ელოდებიან, როცა ეს ინიციატივა ბიუროს სხდომამ უნდა განიხილოს. ამბობენ, რომ თუკი „ქართული ოცნება“ უარს იტყვის - ეს იქნება სიმართლის დადგენაზე ნათქვამი უარი და პასუხისმგებლობა მის თანამოაზრე 89-ვე დეპუტატს დაეკისრება.

„ფაქტია, რომ ისინი [„ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები] ადასტურებენ გარკვეული ქიმიური ნივთიერებების გამოყენებას წყლის ჭავლთან ერთად, რაც თავისთავად დარღვევაა და მიუღებელია; და ვინაიდან ჩვენს მოქალაქეებს დღეს ქართული მართლმსაჯულებისა და საგამოძიებო სისტემების მიმართ ნდობა არა აქვთ, მიზანშეწონილად მიგვაჩნია გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ეს ბერკეტი. საგამოძიებო კომისიამ უნდა გამოიკვლიოს ყველა ფაქტი ამ შესაძლო დანაშაულზე“, - უთხრა რადიო თავისუფლებას 5 დეკემბერს გიგა ფარულავამ - პარტიის „საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა სადავო პარლამენტში.

პარტიაში მიიჩნევენ, რომ საქართველოს კანონი „პოლიციის შესახებ“ წყალში ქიმიური ნივთიერებების შერევას კრძალავს და უკვე ეს ფაქტი წარმოადგენს მნიშვნელოვან კანონდარღვევას.

ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ გიორგი გახარიას შს მინისტრობის დროს, აქციების დასაშლელად გამოყენებულ წყლის ჭავლში - ქიმიური ნივთიერებები შერეული არ იყო?! - ამ შეკითხვაზე პასუხის ნაცვლად, გიგა ფარულავა გვეუბნება, რომ შეუძლებელია პარალელების გავლება გახარიას დროინდელ აქციებზე გამოყენებულ ღონისძიებებსა და 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის „სადამსჯელო ოპერაციას შორის“ და რომ პარალელების გავლებას ახლა „თავისივე ურთიერთგამომრიცხავ გარემოებებში ახლართული“ „ოცნება“ ცდილობს, პროპაგანდისტული მიზნებით.

ქიმიურ ნივთიერებებთან დაკავშირებულ შეკითხვებზე პარტიაში პასუხი ვერც მანამდე მივიღეთ. გვაინტერესებდა - იცოდა თუ არა გახარიამ შს მინისტრობის დროს, უწყებაში UN3439-ის ჯგუფის ქიმიური ნივთიერებების არსებობის შესახებ, რასაც ახლა „ქართული ოცნება“ ადასტურებს.

5 დეკემბერს, პარტიის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა სადავო პარლამენტში, გიორგი შარაშიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ თუკი საგამოძიებო კომისია შეიქმნება, მის წინაშე გახარიაც წარდგება და აუცილებლად გასცემს პასუხს საზოგადოებისთვის საინტერესო ყველა შეკითხვას.

ასევე ნახეთ შეიძლება საერთაშორისო გამოძიების დაწყება წყლის ჭავლში გარეული ქიმიკატების საქმეზე? - რა უნდა ვიცოდეთ

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პარტიამ „საქართველოსთვის“ 12 მანდატი მოიპოვა; ხოლო სადავო პარლამენტში 2025 წლის ნოემბერში შევიდა. საგამოძიებო კომისიის შექმნა რომ შეძლონ, მათ კიდევ მინიმუმ 38 ხმა სჭირდებათ.

კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის თანახმად:

  • დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ პარლამენტის დადგენილების პროექტის ინიციირების უფლება აქვს, მათ შორის - ფრაქციას.
  • პარლამენტის დადგენილების პროექტი გადაეცემა პარლამენტის ბიუროს, პარლამენტის უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად.
  • გადაწყვეტილება მიიღება პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედის [50 დეპუტატი] მხარდაჭერით.


რეგლამენტის თანახმად, კომისია შეიძლება შეიქმნას “სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოკვლევისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით”.

5 დეკემბერს, პარტიის „საქართველოსთვის“ ინიციატივა უკვე უიმედოდ გამოიყურებოდა.

„გახარიას არაკომპეტენტური პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც პარლამენტში საქმიანობს, ნამდვილად არ მიმაჩნია იმაზე უფრო მაღალ სარწმუნო წყაროდ, ვიდრე საგამოძიებო სტრუქტურები, რომლებიც ისედაც დაკავებულია ამ [გამოძიების] პროცესით. მით უმეტეს, არ მიმაჩნია, რომ მათ აქვთ ინტერესი ობიექტური დასკვნები გააკეთონ ამ ყველაფრიდან. თუმცა მათ თუ რაიმე საგამოძიებო კომისია სურთ, შეუძლიათ 20 ივნისთან დაკავშირებით გააკეთონ საგამოძიებო კომისია და მათი ლიდერის მოქმედებები იყო თუ არა მიზანმიმართული თუ შეცდომით გაკეთებული - ეს გამოიკვლიონ“, - უთხრა 5 დეკემბერს ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა სადავო პარლამენტში, ნინო წილოსანმა.

„20 ივნისისა“ [„გავრილოვის ღამე“] და „ჩორჩანის საგუშაგოსთან“ დაკავშირებულ საქმეებზე გიორგი გახარიას წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული, დაუსწრებლად - რადგან ის უკვე თვეებია საქართველოში არ იმყოფება. ორი ამბავი, რის გამოც გიორგი გახარიას პატიმრობა შეუფარდეს, უკვე მომხდარი იყო, როდესაც, 2019 წელს, ის შს მინისტრობიდან „ოცნებამ“ პრემიერად დააწინაურა. თავად გახარია და მისი თანაგუნდელები სხვადასხვა დროს იმეორებდნენ, რომ - „გავრილოვი საქართველოში ჩამოიყვანა და უმასპინძლა ირაკლი კობახიძემ” და ძირითადი პასუხისმგებლობა შემდგომ პროცესებზეც სწორედ მას ეკისრება.

5 დეკემბერს გახარიას პარტიაში კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ - 2019 წლის 20 ივნისს [„გავრილოვის ღამე“] რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება გახარიას არ გაუცია.

ასევე ნახეთ "ივანიშვილის შურისძიება" - გახარია "პატიმრობას" ვერ გადაურჩა, მისი პარტია სადავო პარლამენტში რჩება

როცა აპრილსა და ივლისში, გიორგი გახარია "წულუკიანის კომისიამ" გამოჰკითხა, კომისიის წევრები თავიანთ ყოფილ პრემიერს დაემუქრნენ, რომ მასთან საქმეს პროკურატურა დაიჭერდა. უკვე ნოემბერში მას ბრალი წარედგინა და წინასწარი პატიმრობაც მიესაჯა.

მის წინააღმდეგ ჩვენება მისცა ვახტანგ გომელაურმაც, რომელიც 2019 წლის აგვისტოში - "ჩორჩანის საგუშაგოს" აშენების დროს - სუსის ხელმძღვანელი იყო. გახარიას ყოფილი თანაგუნდელების უმეტესობის მსგავსად, მანაც თქვა, რომ - არაფერი იცოდა კონფლიქტის ზონაში საპოლიციო საგუშაგოს აგების შესახებ, რის გამოც გახარიას ოკუპანტების სასარგებლოდ 100 ჰექტრის დაკარგვას ედავებიან.

ასევე ნახეთ კობახიძის თქმით, შსს-მ იცოდა ფხვნილის დანიშნულება, თუმცა „გომელაური არ არის ქიმიკოსი“, რომ გადაემოწმებინა

“ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა 5 დეკემბერს განაცხადა, რომ - შესაძლოა, ვახტანგ გომელაურს, შს მინისტრობის დროს, არაფერი სცოდნოდა მის სამინისტროში არსებული ქიმიური ნივთიერებების შესახებ და წინა ხელისუფლების მინისტრის - ვანო მერაბიშვილის დროს შეძენილი ქიმიური ფხვნილი წყლის ჭავლისთვის ისე შეერიათ, რომ არც კი გაესინჯათ.

„ვახტანგ გომელაური არ არის ქიმიკოსი, რომ 2007 და 2009 წელს შეძენილი ფხვნილი გადაემოწმებინა“, - უთხრა კობახიძემ 5 დეკემბერს ჟურნალისტებს.

ასევე ნახეთ ტოქსიკური "კამიტი": ისტორია, თვისებები, საფრთხეები, საერთაშორისო კონტროლი
  • BBC-ს თანახმად, UN3439 კოდით გაერთიანებულ ნივთიერებებს შორის, ერთადერთია Bromobenzyl cyanide (CA), იგივე camite, რომელიც მასობრივი თავყრილობების დასაშლელად ოდესმე ყოფილა გამოყენებული და საერთაშორისო ექსპერტებმა დიდწილად ამიტომაც ივარაუდეს, რომ - 2024 წელს საქართველოშიც ეს ქიმიური ნივთიერება იყო გამოყენებული.
  • ამ ჯგუფის ყველა ქიმიური ნივთიერება ძლიერ ტოქსიკურია და ძირითადად ინდუსტრიაში გამოიყენება.


„ქართულმა ოცნებამ“ ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნებიდან - ერთ კვირაში და ქიმიური ჭავლის გამოყენებიდან - ერთი წლის შემდეგ, განაცხადა, რომ შსს-მ გამოიყენა გაზი CS.

ასევე ნახეთ სუსის განცხადებით, აქციებზე Chlorobenzylidenemalononitrile გამოიყენეს

CS - რომლის გამოყენებაზეც სუსი მიუთითებს, ცრემლმდენი გაზია, რომელიც გამოიყენება აეროზოლის მდგომარეობაში სამართალდამცავების მიერ მასობრივი არეულობის გაკონტროლებისთვის. მისი მოქმედება (თვალების წვა, ცრემლდენა, ხველა, სუნთქვის გაძნელება, კანის წვა), თუკი გამოყენებულია საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, უნდა იყოს დროებითი. CS -ის წყალში გახნა არ არის სტანდარტული გამოყენება და დოზების დარღვევისა ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებში,
შეიძლება გამოიწვიოს მძიმე დაზიანებები, მათ შორის - ქიმიური დამწვრობაც.

მომიტინგეები, მათ შორის, რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუებშიც, გახანგრძლივებულ ჯანმრთელობის პრობლემებზე, ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრ გაუარესებაზე ჰყვებოდნენ ჯერ კიდევ BBC-ის ფილმის გამოქვეყნებამდეც.

ასევე ნახეთ BBC-ს მასალის გამო გამოჰკითხეს გომელაური და „ხარება“

რა მიზნები აქვს გახარიას პარტიას?

პარტიაში "საქართველოსთვის" 5 დეკემბერს აცხადებდნენ, რომ საჭიროა სწრაფი და გამჭვირვალე გამოძიება - რათა დაზარალებულმა ადამიანებმა ზუსტად გაიგონ - რა ნივთიერებამ შეარყია მათი ჯანმრთელობა.

საგამოძიებო კომისიის უპირატესობებად ისინი ასახელებენ: ყველა პასუხისმგებელი პირის დაბარებისა და ყველა შეკითხვაზე პასუხების მოთხოვნის შესაძლებლობებს და დიდ უპირატესობად მიაჩნიათ სხდომების პირდაპირ ეთერში გადაცემა - რაც საზოგადოების ინტერესს დააკმაყოფილებს.

მათი კიდევ ერთი არგუმენტით, საგამოძიებო კომისიის მუშაობა იქნებოდა სიგნალი საერთაშორისო პარტნიორებისთვის, რომ - საქართველოს პრობლემების გადაწყვეტა ადგილზე, საკუთარი ძალებითაც შეუძლია.

მას შემდეგ, რაც BBC-ის საგამოძიებო ფილმმა საქართველოში ვნებათაღელვა გამოიწვია. სამოქალაქო სექტორი და ოპოზიციური პარტიები საერთაშორისო გამოძიებას მოითხოვენ - სრული და მიუკერძოებელი სიმართლის დადგენის მიზნით. პარტია „ფედერალისტები“, ცხელი ხაზის საშუალებით, დაზარალებული ადამიანების ისტორიების შეგროვებას განაგრძობს.

სამოქალაქო სექტორმა და ოპოზიციურმა პარტიებმა დაგეგმეს 6 დეკემბერს საპროტესტო აქციის გამართვა.

  • 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური პარტიებიდან, სადავო პარლამენტში მარტო გიორგი გახარიას პარტიაა წარმოდგენილი. დანარჩენებმა მანდატები გააუქმეს. პარლამენტი მათთვის არალეგიტიმურია და შესაბამისად - არალეგიტიმურად თვლიან მის ნებისმიერ კომისიასაც.
  • სადავო პარლამენტის „წულუკიანის კომისიაზე“ გამოუცხადებლობის გამო დაიჭირეს მოქმედი და ყოფილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები.
  • ახლა სამ მსხვილ პოლიტიკურ გაერთიანებას „ქართული ოცნება“ სწორედ ამ კომისიის დასკვნის საფუძველზე უპირებს აკრძალვას, საკონსტიტუციო სასამართლოს დახმარებით.
  • ასაკრძალი პარტიების სიაში არ მოხვდა გახარიას პარტია, როგორც „ოცნებამ“ ახსნა - პოლიტიკურმა ძალამ სწორედ სადავო პარლამენტში შესვლით "გადაირჩინა თავი".