გახარიას პარტია ეთანხმება „გავრილოვის ღამის“ საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს ზედა პალატის გადაწყვეტილებას

გიორგი გახარია

ოპოზიციაში გადასული ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას პარტია ეთანხმება სტრასბურგის სასამართლოს ზედა პალატის გადაწყვეტილებას, რომელიც შეეხება „გავრილოვის ღამეს“ მიმდინარე აქციის დაშლას. იმის მიუხედავად, რომ სასამართლომ კონვენციის სამი მუხლის დარღვევა დაადგინა, პარტიაში მის შინაარსს პოზიტიურად აღიქვამენ.

„ვეთანხმებით სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებას 20 ივნისის საქმეზე.

ეს არის ის, რასაც მუდმივად ვამბობდით. დიდი პალატის გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ გახარიას მიმართ პროკურატურის ბრალდება შეთითხნილია, ეს არის პოლიტიკური დევნა და ეს ბრალდება დანაშაულის რეალური ავტორებისთვის პასუხისმგებლობის არიდების მიზანს ემსახურება“, - აცხადებენ პარტიაში.

„ქართულ ოცნების“ წევრი არჩილ გორდულაძე პარტიის ყოფილ ლიდერს, გიორგი გახარიას, მოუწოდებს, „დაბრუნდეს საქართველოში და პასუხი აგოს კანონის წინაშე“:

„ის თვითონაც აღიარებდა, რომ იგი სრულად იღებდა პასუხისმგებლობას მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და ახლა იგი არის გერმანიაში გაქცეული პასუხისმგებლობას და სტიპენდიას იღებს, მათ შორის, გერმანული მხარისგანაც“.

დღეს, 11 დეკემბერს, საზოგადოებამ შეიტყო სტრასბურგის სასამართლოს ზედა პალატის გადაწყვეტილების შესახებ, რომლითაც დაკმაყოფილდა საჩივრის ავტორი 26 პირის მოთხოვნა.

ასევე ნახეთ „გავრილოვის ღამის“ დაზარალებულებმა საქმე სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატაშიც მოიგეს

2019 წლის 20 ივნისს დედაქალაქში, პარლამენტის შენობის წინ, ხალხმრავალი დემონსტრაცია გაიმართა. მოქალაქეები აპროტესტებდნენ იმ დილით პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს - სასესიო დარბაზში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიის სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტმა სერგეი გავრილოვმა დაიკავა.

იმ არგუმენტით, რომ აქცია ძალადობრივი გახდა, პოლიციამ დემონსტრაციის დაშლა დაიწყო. ამ დღეს, სულ მცირე, ორმა დემონსტრანტმა თვალი დაკარგა, დაშავდა არაერთი ჟურნალისტი და მოქალაქე.

სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა:

  • ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) ორივე ასპექტის დარღვევა (26 განმცხადებლიდან 24-ის მიმართ);
  • მე-10 მუხლის (გამოხატვის თავისუფლება) დარღვევა 14 განმცხადებლის მიმართ;
  • მე-11 მუხლის (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება) დარღვევა 11 განმცხადებლის მიმართ;
  • 38-ე მუხლის (საქმის განხილვის დროს ყველა საჭირო პირობის უზრუნველყოფის ვალდებულების) არარსებობა.

ამ გადაწყვეტილებით, საქართველოს ხელისუფლებას, ჯამში, ასობით ათასი ევროს გადახდა მოუწევს „გავრილოვის ღამეს“ დაშავებული ადამიანებისთვის - 640 ათას ევროზე მეტი მატერიალური და არამატერიალური კომპენსაციისთვის და დამატებით 40 ათას ევრომდე სამართლებრივი დავისთვის გაწეული ხარჯებისთვის.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, რომელიც საქმეში მოპასუხეა, გადაწყვეტილებას ხელისუფლების მიმართ პოზიტიურად, ყოფილი თანაგუნდელის, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის მიმართ კი ნეგატიურად წარმოაჩენს:

  • „იმის გამო, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშინდელმა ხელმძღვანელობამ ვერ უზრუნველყო ამ სტანდარტის დაცვა და პროპორციული ძალის გამოყენება დემონსტრანტების მიმართ დადგინდა ევროპული კონვენციის მე-3 (არასათანადო მოპყრობა), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება) და მე-11 (შეკრების თავისუფლება) მუხლების დარღვევა“;
  • „გადაწყვეტილებაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობამ საქმის განხილვის ფარგლებში სრულად ითანამშრომლა სტრასბურგის სასამართლოსთან, მიაწოდა ყველა საჭირო ინფორმაცია და მასალები, რის გამოც არ დაკმაყოფილდა მომჩივნების მოთხოვნა ამ ნაწილში ევროპული კონვენციის დარღვევის მიმართულებით“.

სტრასბურგის სასამართლოს ზედა პალატის გადაწყვეტილების გამოცხადებამდე რამდენიმე კვირით ადრე, პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას წინააღმდეგ. მას ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს 12 ნოემბერს.

„გავრილოვის ღამიდან" ცოტა ხანში გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრი გახდა. ის პასუხისგებაში მისცეს ოპოზიციაში გადასვლიდან რამდენიმე წელში.

მას ქართულმა სასამართლოებმა პატიმრობა შეუფარდეს, თუმცა ქართული მხარე მის დაპატიმრებას ვერ ახერხებს. ის საზღვარგარეთ იმყოფება.