დღეს გაირკვევა, ვინ გახდება ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე - "ექსპო-ჯორჯიაში" არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

ირაკლი ჩომახაშვილი (მარცხენა) და ირაკლი ყანდაშვილი

21 დეკემბრის 10:00 საათიდან „ექსპო ჯორჯიის“ მე-11 პავილიონში მიმდინარეობს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტური, რომელიც 19.00 სთ-ზე დასრულდება, შედეგები კი 21.00 საათისთვის გახდება ცნობილი.

არჩევნებში ორი კანდიდატი მონაწილეობს:

ირაკლი ჩომახაშვილი - 1 109 ხმა I ტურში
ირაკლი ყანდაშვილი - 1 283 ხმა I ტურში

არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს სხვა კანდიდატზე მეტ ხმას. პირველ ტურში გამარჯვებისთვის საჭირო იყო 50%-ს პლუს ერთი ხმა.

“დღეს პრინციპული არჩევანია - ერთ მხარეს დგას 16-წლიანი მმართველობა, მეორე მხარეს ცვლილებები - ეს იქნება ჩვენთვის დემოკრატიის ტესტი - ცვლილებები საჭიროა, რადგან არცერთ დემოკრატიულ ინსტიტუტში არ შეიძლება 16 წელი ერთი და იგივე გუნდი მართავდეს ყველაფერს და ათასობით უკმაყოფილო ადვოკატი არსებობდეს, - განაცხადა ჟურნალისტებთან შეხვედრისას ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ირაკლი ჩომახაშვილმა, რომლის თქმითაც, ყველა ადვოკატი უნდა მოვიდეს არჩევნებზე, საკუთარი პოზიცია დაადასტუროს და ხმა მისცეს სამართლიანობის პროფესიონალიზმს და გამბედაობას:

“გამარჯვების შემთხვევაში ვაპირებთ, რომ ადვოკატთა უფლებათა დაცვის კომიტეტის რეორგანიზება მოვახდინოთ, მივიღოთ 24-საათიანი მობილური ჯგუფი და ყველა დარღვევაზე იყოს არსებითი რეაგირება, მათ შორის, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. ჩვენი პრიორიტეტია განგრძობადი იურიდიული განათლება - ყველა ადვოკატს უნდა ჰქონდეს საშუალება, ადვოკატთა ასოციაციისგან მიიღოს ბენეფიტები და სხვა მრავალი რამ, რომელზეც პროგრამაში ვსაუბრობდით”.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში მიმდინარე არჩევნების მნიშვნელობის შესახებ განცხადება გააკეთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კიდევ ერთმა კანდიდატმა, ირაკლი ყანდაშვილმა:

“ქართველი ადვოკატებისთვის დღეს მნიშვნელოვანი დღეა - ძალიან მიხარია, რომ აქტივობა დილიდან ძალიან მაღალია, ეს ნიშნავს იმას, რომ თითოეული ადვოკატი ჩვენს ხვალინდელ დღეზე ვფიქრობთ და ვაკეთებთ არჩევანს”.

მისი თქმით, გამარჯვების შემთხვევაში მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მათი მთავარი პრიორიტეტი ადვოკატების უფლებების დაცვა იქნება.

ირაკლი ყანდაშვილმა გაიხსენა არჩევნების პირველი ტური, რომელიც მისი უპირატესობით დასრულდა:

“მოხარული ვარ, რომ პირველი ტური ჩემი გამარჯვებით დასრულდა. კიდევ უფრო მოხარული ვარ, რომ დიდი ნდობა გამოუცხადა ჩემს გუნდს ადვოკატთა კორპუსმა. ჩვენ მზად ვართ, თითოეულ ადვოკატს [დავეხმაროთ], განურჩევლად მათი გაკეთებული არჩევანისა, ჩვენი ერთადერთი მიზანია - პროფესია, პროფესია და პროფესია, რომელსაც ჩვენ განვავითარებთ. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ჩვენი მთავარი აქცენტები იქნება განუხრელად ადვოკატის უფლებრივ დაცვაზე და ადვოკატის საქმიანობის ეფექტურობის, გარემოს გაუმჯობესება, მათი სოციალური და ფინანსური მხარდაჭერისთვის ნაბიჯების გადადგმა“.

ასევე ნახეთ ადვოკატთა ასოციაცია ახალ თავმჯდომარეს ირჩევს


არჩევნების პირველ ტურში, რომელიც 14 დეკემბერს გაიმართა, სულ 2 751 ადვოკატმა მიიღო მონაწილეობა. არჩევნებში რეგისტრირებული იყო ასოციაციის თავმჯდომარეობის მსურველი ექვსი კანდიდატი: ნიკოლოზ კვანტრიშვილი, გიორგი მარიამიძე, მუხრან ღურწკაია, ირაკლი ყანდაშვილი, ირაკლი ჩომახაშვილი, მანუჩარ ჭუმბურიძე.

მეორე ტურში გადასულებმა ირაკლი ჩომახაშვილმა და ირაკლი ყანდაშვილმა შესაბამისად 1 109 და 1 283 ხმა მიიღეს.

302 ხმით მესამე ადგილზე გასულმა მურმან ღურწკაიამ მეორე ტურში მხარი ირაკლი ჩომახაშვილს დაუჭირა.

“21 დეკემბერს გაიმართება ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტური. მე მხარს ვუჭერ ირაკლი ჩომახაშვილის კანდიდატურას, რადგან მჯერა, რომ ასოციაციის სწორი და მდგრადი განვითარებისთვის არსებითი ცვლილებები აუცილებელია”, – დაწერა მურმან ღურწკაიამ 19 დეკემბერს სოციალურ ქსელ facebook-ში.

14 დეკემბერს არჩეული იქნა ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო, ეთიკის და სარევიზიო კომისიები.